• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

GIZ-ის მიწვეულმა ექსპერტებმა, პროგრამის საგრანტო კონკურსის ფარგლებში შუალედური მონიტორინგი განახორციელეს

ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, CEMR-ში ეროვნულმა კოორდინატორმა და ექსპერტმა- ნათია ღვინაშვილმა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში ექსპერტმა - შორენა კოჭლამაზაშვილმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ფარგლებში შუალედური მონიტორინგი განახორციელეს და სამიზნე მუნიციპალიტეტებში - ონსა და სენაკში გამარჯვებული ბენეფიციარებისთვის შეძენილი ინვენტარი ადგილზე დაათვალიერეს.

,, მოხარულები ვართ, რომ (GIZ) პროგრამაში გამარჯვებული ქალების ნაწილმა უკვე დაიწყო საკუთარი საქმიანობა, ნაწილი კი, იდეის განხორციელებას უახლოეს მომავალში შეძლებს. შუალედური მონიტორინგის ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარებს შევხვდით და რამდენიმე მათგანის სამუშაო პროცესსაც შევესწარით, შესაბამისად, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ პროექტი შედგა “- აღნიშნა ნათია ღვინაშვილმა.

,,წინა ვიზიტებისგან განსხვავებით, ქალები მეტად თავდაჯერებულნი და მოტივირებულნი დაგვხვდნენ, ბენეფიციართა უმრავლესობამ, რომლებიც ე.წ. ,,start-up’’ წარმოადგენს, უკვე დაიწყო იმ საქმის კეთება, რაც აქამდე მხოლოდ იდეის დონეზე წარმოედგინა“,- განაცხადა შორენა კოჭლამაზაშვილმა.

ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიზნით განხორციელებული პროექტის ფარგლებში გამარჯვებულ ბენეფიციარებს ბიზნეს გეგმებით გაწერილი ინვენტარი, GIZ-ის კონტრაქტორმა ,,საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ’’, რამდენიმე დღის წინ გადასცა.

მანამდე კი, პროექტის ფარგლებში რიგი ღონისძიებები გაიმართა, რომლებიც ადგილობრივი მედიასაშუალებებით პროგრამის დაწყების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, სამიზნე მუნიციპალიტეტებში სამუშაო ჯგუფების შექმნას, კონკურსის შეფასების კომისიის ჩამოყალიბებას, თვითმმართველ ერთეულებში ინფორმაციული ხასიათის შეხვედრებს, ბიზნეს-გეგმის წერის სასწავლო კურსს, ასევე სხვადასხვა კონსულტაციებსა და მონიტორინგს მოიცავდა.

აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება.

საგრანტო კონკურსი, რომელიც ქალების ეკონომიკური გაძლიერებას ისახავს მიზნად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ასევე გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში ხორციელდება.

 

იხილეთ ფოტო გალერეა