• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა, გამოწვეულია გენდერული უთანასწორობით, წარმოადგენს ადამიანის უფლების დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას და მნიშვნელოვან დაბრკოლებას გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

აღნიშნული პრობლემა გამოწვევას წარმოადგენს საქართველოშიც, სადაც 2017 წლის საქსტატის მონაცემებით, 4-დან 1 ქალს გამოუცდია გენდერული ნიშნით ძალადობის რაიმე ფორმა, 7-დან 1 ქალს გამოუცდია ძალადობა ოჯახში მეუღლის/პარტნიორის მხრიდან.

საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით. მათ შორის, დაიხვეწა კანონმდებლობა, შეიქმნა დამატებითი საკანონმდებლო გარანტიები ძალადობის მსხვერპლთათვის და გაძლიერდა ინსტიტუციური მექანიზმები.

საქართველო 2017 წელს გახდა 23-ე ქვეყანა, რომელმაც რატიფიცირება მოახდინა ევროპის საბჭოს კონვენციისა, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და მასთან ბრძოლის შესახებ (სტამბოლის კონვენცია). კონვენცია ძალაში შევიდა 1 სექტემბერს და ის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს ამ სფეროში.

კონვენციის რატიფიცირებით საქართველოს ხელისუფლებამ გამოხატა მზადყოფნა და დაადასტურა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულება.

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებს, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, კოორდინაციას უწევს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია. კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ სამინისტროები და სხვა სამთავრობო სტრუქტურები. თითოეულ უწყებას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში.

საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ იცავს ძალადობის მსხვერპლს და სთავაზობს მას სერვისებს იმისთვის, რომ იყოს ძალადობისგან დაცული და იცხოვროს ძალადობისგან თავისუფალ გარემოში.

აღნიშნულ სერვისებს შორისაა 5 სახელმწიფო თავშესაფარი და 5 სახელმწიფო კრიზისული ცენტრი3 ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ უფასო იურიდიული, სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, ასევე ისარგებლონ დროებითი საცხოვრისით. ძალადობის მსხვერპლთათვის, ასევე, მოქმედებს ძალადობის მსხვერპლთა დახმარების უფასო საკონსულტაციო ცხელი ხაზი (116-006). ბოლო წლებში განხორციელებულ ღონისძიებებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან მაღალი რისკის მოძალადეების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა ამოქმედდა, რაც დამატებითი დაცვის გარანტიებს ქმნის ძალადობის მსხვერპლთათვის.4

ამჟამად მოქმედი კრიზისული ცენტრების მისამართები:

➤ თბილისის კრიზისული ცენტრი მის.: ბუდაპეშტის #28

➤ ქუთაისის კრიზისული ცენტრი მის.: დუმბაძის# 59-61

➤ გორის კრიზისული ცენტრი მის: ბარნოვის ქ. #9ა

➤ ოზურგეთის კრიზისული ცენტრი

მის. ქ. ოზურგეთი, გრიბოედოვის ქ. 21

➤ მარნეულის კრიზისული ცენტრი

მის.: ქ. მარნეული, რუსთაველის ქ.#41, ბ.48

 

ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ ფორმას, ასევე წარმოადგენს სექსუალური შევიწროება, რომლის წინააღმდეგაც საკანონმდებლო ცვლილებები 2019 წელს განხორციელდა.

2021 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, CRRC-მ „სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე საქართველოს საჯარო სამსახურში“ კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც , საქართველოში საჯარო მოხელეთა 34%-ს საჯარო სამსახურში მუშაო- ბის განმავლობაში სექსუალური შევიწროება გამოუცდია. ყველაზე ხშირად კი სექსუალური შევიწროების მსხვერპლები ახალგაზრდა, 35 წლამდე ასაკის ქალები ხდებიან. ქალი საჯარო მოხელეების 93%-ს სექსუალური შევიწროება სერიოზულ სოციალურ პრობლემად მიაჩნია, კაცების შემთხვევაში კი ასე მხოლოდ 44% ფიქრობს.

2021 წელს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიის ხელმძღვანელობითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ცხრა სახელმწიფო უწყებამ, მათ შორის სამინისტროების 42%- მა სექსუალური შევიწროების საწინააღმდეგო მექანიზმები დანერგა.

მიუხედავად განხორციელებული წარმატებული ღონისძიებებისა, პრობლემის აქტუალობა მიგვანიშნებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ეფექტიანად დასაძლევად ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. აუცილებელია მუშაობა ისეთი საზოგადოებრივი ღირებულებების შექმნასა და განმტკიცებაზე, სადაც ქალები და კაცები, გოგოები და ბიჭები არსებითად თანასწორ გარემოში იცხოვრებენ. ამისთვის აუცილებელია ძალისხმევის გაერთიანება და როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის გაძლიერება, ეფექტიანი პოლიტიკის განსახორციელებლად.