• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ნათია ღვინაშვილმა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს რიგით მეორე საკოორდინაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, CEMR-ში ეროვნულმა კოორდინატორმა და ექსპერტმა- ნათია ღვინაშვილმა, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს რიგით მეორე საკოორდინაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაში, რომელიც მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხზე განახლებული გეგმის შემუშავების მიზნით ონლაინ რეჟიმში წარიმართა, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას.

საკოორდინაციო შეხვედრა, რომელსაც გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარე-ნინო წილოსანი უძღვებოდა, დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რის შემდეგაც სამუშაო ჯგუფის წევრები სამომავლო გეგმაზე შეჯერდნენ, რაც დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან კოორდინირებული მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, აქტივობების ეფექტიან დაგეგმვასა და მათ მიზნობრივ განხორციელებას გულისხმობს.

„ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ საქართველოს მუნიციპალიტეტებს, რათა  მაქსიმალურად ეფექტიანად და მოქნილად დაგეგმონ და განახორციელონ ის ღონისძიებები, რომლებიც ქალებისა და გოგონების საჭიროებებზე იქნება მორგებული. ამ მიზნით, მზად ვართ ჩავერთოთ იმ პროცესებში, რომლებიც თვითმმართველობებში გენდერული პოლიტიკის განხორციელების თემატიკას უკავშირდება და ვიყოთ მათი ხმა როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე“-აღნიშნა ნათია ღვინაშვილმა.

​აღსანიშნავია, რომ გენდერული თანასწორობის  მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს, რომელიც ქალთა ეკონომიკურ და პოლიტიკურ გაძლიერებასა და ასევე, COVID-19 პანდემიის შედეგებთან გამკლავებაზე იქნება ორიენტირებული.