• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ათეა სამიზნე მუნიციპალიტეტებთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ - ნათია ღვინაშვილმა,  გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, 10 სამიზნე მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოების წარმომადგენლებთან და გენდერზე პასუხისმგებელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ქუთაისის, ჭიათურის, ზესტაფონის, სამტრედიისა და ბაღდათის, ასევე მცხეთის, დუშეთის, თიანეთის, მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ჩართულობით გამართული ონლაინ შეხვედრა,  გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესის მიმდინარეობისა და ათეასა და UNDP-ის თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის - ,,დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ სამომავლო გეგმების განხილვას დაეთმო.

შეხვედრის მონაწილეებმა,  დოკუმენტის შემუშავების პროცესში ათეა-ს აქტიურ ჩართულობას გაუსვეს ხაზი და ადგილზე ჩატარებული ფოკუს ჯგუფების დროს გამოკვეთილ პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში მოეწყო, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, საკუთარი ინიციატივები და წინადადებები წარმოადგინეს და  კამპანიის მიმდინარეობისას და ასევე, სამომავლოდ,  გენდერული თანასწორობის  სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევაზე ორიენტირებული ღონისძიებები დაგეგმეს.

აღსანიშნავია, რომ ათეას ორგანიზებითა და UNDP-ის მხარდაჭერით,  გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისა და ადმინისტრაციების, ასევე, აპარატის წარმომადგენლებისთვის, უკვე გაიმართა თემატური ტრენინგები, სადაც მონაწილეებმა გენდერული უთანასწორობის საფუძვლების, ადგილობრივი და საერთაშორისო საკანონმდებლო რეგულაციებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის სტრატეგიების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.

 

ფოტო გალერეა