• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

 NALAG და CEMR -ის გენდერული თანასწორობის დღის წესრიგი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, CEMR-ში ეროვნულმა კოორდინატორმა და ექსპერტმა - ნათია ღვიანაშვილმა, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) წარმომადგენლებთან - ჯეიმი ჯუსტთან და ბელა ცხელიშვილთან გამართა შეხვედრა, რომელიც ათეასა და CEMR სამომავლო თანამშრომლობასა და გენდერული თანასწორობის დღის წესრიგზე მსჯელობას დაეთმო.

კერძოდ, კოლეგებმა თანასწორობის ევროპული ქარტიის პრინციპების დანერგვის განახლებულ მოდელზე ისაუბრეს, რაც მათივე განმარტებით, მუნიციპალიტეტებს ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის დოკუმენტებით გათვალისწინებული, ასევე, ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელებაში დაეხმარება.

შეხვედრის მონაწილეებმა კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქალებისა და გოგოების მხარდაჭერის მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზეც გაამახვილეს ყურადღება და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების პროცესში ათეასა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის როლს გაუსვეს ხაზი.

,, მიმდინარე წლის ზაფხულში, თბილისში, გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი მიძღვნილი სამიტის გამართვა იგეგმება, სადაც CEMR-ის წარმომადგენლების მიერ ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ’’ განახლებული ქარტიის ინდიკატორები დეტალურად იქნება წარმოდგენილი. ღონისძიების მეორე ნაწილი კი, შინაარსობრივად განსხვავებულ თემატიკას, კერძოდ კი, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე დისკუსიას დაეთმობა. ომი ქალების ყოფაზე განსაკუთრებულად მძიმე და ხანგრძლივ კვალს ტოვებს. ხოლო, ქალების ტვირთი დევნილობაში, სადაც მათ საკუთარი ოჯახის გადარჩენისთვის შეცვლილ სოციალურ რეალობასთან ადაპტირების გარდა, შრომა და გაუარესებული საცხოვრებელი პირობების სიმძიმის ტარება უწევთ, კიდევ უფრო მეტად მძიმეა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ უკრაინელი კოლეგების მოწვევასაც, რათა გავაძლიეროთ და ხელი შევუწყოთ საქართველოში კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ქალებთან დიალოგის გამართვას. მით უფრო, რომ საქართველომ ახლახანს დაამტკიცა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების შესახებ სამწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა და რომელიც ჩვენთვისაც პრიორიტეტს წარმოადგენს“-განაცხადა ნათია ღვინაშვილმა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე იგეგმება სხვა ღონისძიებებიც, რომლებიც ამ ეტაპზე შემუშავების პროცესშია.