• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ნათია ღვინაშვილმა, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების XIII ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, CEMR-ში ეროვნულმა კოორდინატორმა და ექსპერტმა - ნათია ღვინაშვილმა, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების XIII ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნა.

მაღალი დონის ღონისძიება, სახელწოდებით - „მდგრადი განვითარება - მწვანე, ჭკვიანი, ბიზნესმეგობრული“, რამდენიმე სესიად დაიყო და ურბანული განვითარების თანამედროვე ტენდენციების მიმართულებით არსებულ სხვადასხვა თემატიკას მოიცავდა.

ნათია ღვინაშვილმა სესიაზე - ,,გენდერული თანასწორობა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება’’ დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინა, რომელიც აღნიშნული მიმართულებით ასოციაციისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს, ასევე ათეას მიზნებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს დაეთმო.

„ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით მუნიციპალიტეტებმა ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს, როდესაც აღნიშნული საკითხი, ჩვენი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ შემუშავებული გაიდლაინის მიხედვით, გენდერული თანასწორობის მუნიციპალურ სამოქმედო გეგმებში, ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ასახეს. ამას თან ერთვის თანასწორობის ევროპული ქარტიით აღებული ვალდებულებები ქარტიაზე ხელმომწერი 21 მუნიციპალიტეტისთვის, რის მიხედვითაც, ქალთა ეკონომიკური მონაწილეობისა და მათი ეკონომიკური გაძლიერების გაზრდა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ცალკე მდგომ და განსაკუთრებით მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს. აღნიშნულის მიუხედავად და იმის გათვალისწინებით, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ლოკალიზება პოლიტიკის დონეზე შედარებით სიახლეს წარმოადგენს, კვლავ არსებობს გამოწვევები, რომლებიც სისტემური მიდგომების დანერგვასა და ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელებას საჭიროებს. ათეა, წევრ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციის საფუძველზე გეგმავს რიგი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც, პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპებზე, ინსტიტუციონალიზაციის გზით უზრუნველყოფს აღნიშნული მიმართულების მდგრადობას და პოზიტიურად აისახება ადგილობრივ ქალებსა და გოგოებზე“-აღნიშნა ნათია ღვინაშვილმა.

სესიაზე, რომელსაც გენდერულ საკითხებში თბილისის მერის მრჩეველი - ნინო ბურძენიძე უწევდა მოდერაციას, ნათია ღვინაშვილთან ერთად, სიტყვით გამოვიდნენ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე - ნინო წილოსანი, თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე - თინათინ ნიბლოშვილი, ასევე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში - ნანი ბენდელიანი და ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი/ექსპერტი - ნათია დაღელიშვილი.

ფორუმს, რომელიც სასტუმროში -,, რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართა, საქართველოს პარლამენტის წევრები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები წარმომადგენლები და სხვადასხვა დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან ჩამოყალიბდა მოწინავე იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

 

ფოტო გალერეა