• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის ევროპული ქარტიის'' განახლებული ვერსია უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი

2022 წელს, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭომ (CEMR) და მისმა წევრმა ასოციაციებმა იმუშავეს ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის ევროპული ქარტიის'' ტექსტის განახლებაზე, იმისთვის, რომ დოკუმენტში ასახულიყო 2006 წლის შემდეგ განხორციელებული სიახლეები   და დოკუმენტი აქტუალური ყოფილიყო ევროპის ქალაქებისა და რეგიონებისთვის. შესწორებული და გავრცობილი ტექსტი მიღებულ იქნა CEMR-ის პოლიტიკის კომიტეტის მიერ 2022 წლის 6 დეკემბერს.

ქარტიის I ნაწილი შეიცავს ექვს ფუნდამენტურ პრინციპს:

1.      ქალისა და კაცის თანასწორობა ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს;

2.      ქალთა და კაცთა თანასწორობის მიღწევისთვის საჭიროა დისკრიმინაციის მრავალჯერადი და ინტერსექციური ფორმების გამორიცხვა;

3.      ქალებისა და კაცების დაბალანსებული მონაწილეობა და წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში დემოკრატიული საზოგადოების წინაპირობაა;

4.      გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა ქალისა და კაცის თანასწორობისთვის;

5.      გენდერული პერსპექტივის ინტეგრირება ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების საქმიანობაში აუცილებელია ქალისა და კაცის თანასწორობის გასაძლიერებლად;

6.      სწორად შემუშავებული და დაფინანსებული სამოქმედო გეგმები და პროგრამები არსებითი ინსტრუმენტებია ქალთა და კაცთა თანასწორობის განვითარებისთვის.

II ნაწილი აღწერს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც ხელმომწერებმა უნდა გადადგან ქარტიის დებულებების განსახორციელებლად.

III ნაწილში წარმოდგენილია 39 მუხლი ადგილობრივი/რეგიონული კომპეტენციის სფეროების მიხედვით:

·        დემოკრატიული ანგარიშვალდებულება;

·        პოლიტიკური როლი;

·        თანასწორობის ზოგადი ჩარჩო;

·        დამსაქმებლის როლი;

·        საჯარო შესყიდვები და ხელშეკრულებები;

·        მომსახურების მიწოდების როლი;

·        დაგეგმვა და მდგრადი განვითარება;

·        მარეგულირებლის როლი;

·        პარტნიორობა და საერთაშორისო თანამშრომლობა.

2022 წელს დამატებული 31-39-ე მუხლები განიხილავს საკითხებს, რომელიც ეხება სხვადასხვა კომპეტენციას; აღნიშნული მუხლები წარმოდგენილია გავრცობილ ნაწილში.

განახლებული ქარტიის ქართულ ტექსტზე იმუშავა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN WOMEN) და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ.