• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

გიორგი ტყემალაძემ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ტყემალაძემ, ორგანიზაციის მიერ გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად განხორციელებული ღონისძიებების 2020 წლის შემაჯამებელ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც ათეა-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, მსოფლიო პანდემიით გამოწვეული ურთულესი ვითარების მიუხედავად, ასოციაცია, წევრ მუნიციპალიტეტებთან ერთად, აქტიურად ახორციელებდა გენდერული თანასწორობის მხარამჭერ ღონისძიებებს.

,,დიდი მადლობა ათეა-ს გუნდს, რომელიც აქტიურად ეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებას გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების შემუშავებაში. სწორედ ამ დოკუმენტების მიხედვით უნდა განახორციელონ მუნიციპალიტეტებმა გენდერული თანასწორობის ეფექტიანი პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, საკმაოდ სოლიდურია ათეა-ს წარმომადგენლების როლი აღნიშნულ პროცესში“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა საკუთარი მოხსენებისას, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას გაუსვა ხაზი და როგორც ორგანიზაციის, ისე თვითმმართველი ერთეულების მიერ განხორციელებელი აქტივობები შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს მასშტაბით არაერთი შეხვედრა, ტრენინგი, თემატური კონკურსი და სხვა ღონისძიება გაიმართა.

,,გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში შემუშავდა მამოტივირებელი სპეციალური გზავნილები. მინდა განვაცხადო, რომ სიამოვნებით მივიღეთ მონაწილეობა აღნიშნულ ინიციატივაში.
გლობალურ კამპანიას ტრადიციულად, შეუერთდა საქართველოს დედაქალაქი - 25 ნოემბერს სიმბოლურად, ნარინჯისფრად განათდა თბილისის ანძა. ღონისძიებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით იყვნენ ჩართულნი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და გენდერული საბჭოების წარმომადგენლები“- განაცხადა ათეა-ს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.

დღესვე, გიორგი ტყემალაძემ პროექტის - „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში შექმნილ მედია ქსელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ აღნიშნული ქსელის უშუალო მონაწილეობით ვრცელდებოდა და შუქდებოდა ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება.

მანვე ათეა-ს მიერ გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზეც გაამახვილა ყურადღება და ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპულ ქარტიაზე ხელმომწერი მუნიციპალიტეტების აქტიურობას გაუსვა ხაზი.

,,მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო ფართოვდება „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ ევროპული ქარტიის“ ხელმომწერი მუნიციპალიტეტების წრე. პირველად, ხელმოწერის ცერემონიალი გასულ წელს, თბილისის საკრებულოში შედგა და დღევანდელი კონფერენციის ფარგლებშიც დაგეგმილია საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ ქარტიის ხელმოწერა. ვფიქრობ, აღნიშნული დოკუმენტით, ამ მიმართულებით, კიდევ უფრო გაფართოვდება მუნიციპალიტეტების შესაძლებლობები’’, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ და დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.