• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიაში აქტიურადაა ჩართული

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიაში აქტიურადაა ჩართული.

ორგანიზაციამ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, ქვეყნის 64-ვე მუნიციპალიტეტში გასაგზავნად პოსტერები, პირბადეები და ლოგოტიპური გულსაბნევები უკვე დაამზადა. უახლოეს დღეებში კი, ამავე თემატიკით, საინფორმაციო ხასიათის ბროშურები, ასევე ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპული ქარტიაც დაიბეჭდება და წევრ მუნიციპალიტეტებში გავრცელდება.

ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის და პროექტის „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ კოორდინატორის - ნათია ღვინაშვილის განცხადებით, საინფორმაციო პოსტერები, რომლებიც მსხვერპლთა მხარდაჭერისა და ძალადობის დაძლევის პრევენციის მიზნით, საქართველოში არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ აუცილებელ ინფორმაციას მოიცავს, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული შენობების გარდა, ხალხმრავალ ადგილებშიც განთავსდება, რაც მისივე თქმით, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

ათეა-მ, როგორც თვითმმართველი ერთეულების გამაერთიანებელმა ქოლგა ორგანიზაციამ, აღნიშნულ კამპანიაში ჩასართავად წევრ მუნიციპალიტეტებს ისეთი აქტივობების განხორციელებისკენ მოუწოდა, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ გამოწვევებს პასუხობს.

ასოციაციამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის დამხმარე ინსტრუქციაც შეიმუშავა, რომლითაც მუნიციპალიტეტები უკვე ხელმძღვანელობენ.

კამპანიის ფარგლებში, ასევე, დამზადდება თემატური ხასიათის ვიდეორგოლები და სოციალურ ქსელში ჩაეშვება ახალი რუბრიკა, სადაც თვითმმართვლობების მიერ, ძალადობის პრევენციის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და აქტივობები იქნება წარმოდგენილი.

ათეა მხარს უჭერს საზოგადოების ყველა სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკის მექანიზმებს.

იხილეთ ფოტო გალერეა