• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ათეა უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღეს უერთდება

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღეს უერთდება, რომელიც 2004 წელს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი ქალების ღვაწლის აღსანიშნავად დაწესდა.

ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის - ნათია ღვინაშვილის განცხადებით, უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ნაწილია, რომელშიც უკვე აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციის მედია ქსელი.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტებში, სწორედ აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ჩართულობით ხორციელდება სხვადასხვა თემატური ღონისძიებები, რომლებიც ძალადობის პრევენციისა და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობადობის ამაღლებას უწყობს ხელს.

კამპანიის ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალური გენდერული საბჭოს წევრებმა ადგილობრივ ბაზარში ძალადობის მსხვერპლი ქალების მიერ შეკერილი პირბადეები და საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს.

ასევე, ინფორმაციული შეხვედრა გაიმართა დედოფლისწყაროს აგრარული ბაზრის მოვაჭრეებთანაც, რომლებმაც მერიის წარმომადგენლებისგან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არსებული სერვისების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიისა და ქვეყანაში დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი აქტივობების უმრავლესობა ონლაინ რეჟიმში იმართება.
სწორედ აღნიშნული ფორმატით ჩაატარა 2 ტრენინგი ქედის მერიამ, რომლებშიც მოსწავლეები და სტუდენტები, ასევე თემით დაინტერესებული პირები, პედაგოგები და თვითმმართველობის მოხელეები იღებდნენ მონაწილეობას. ამავე მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ინიციატივით, VIII-XII კლასების მოსწავლეებისთვის გამოცხადდა ვიდეორგოლების კონკურსი ,,შეაჩერე მოძალადე“, რომლის მიზანსაც მოზარდებისთვის აღნიშნული თემით დაინტერესება და გამოწვევების აღმოფხვრის პროცესში მათი ჩართულობა წარმოადგენდა.

ბავშვთა უფლებებზე, ოჯახში ძალადობასა და ბულინგის რეაგირების გზებზე მსჯელობას დაეთმო ქობულეთის მუნიციპალური გენდერული საბჭოს მიერ ჩატარებული ონლაინ-ტრენინგი, რომელშიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგები და აღსაზრდელთა მშობლები იყვნენ ჩართულნი.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისთვის ერთ-ერთ აქტივობას საინფორმაციო ხასიათის განცხადებები და ვიდეო მიმართვები წარმოადგენდა.

ბოლნისის, სენაკის, მარტვილის, შუახევის, სამტრედიის, ჩოხატაურის, ჭიათურის, ხარაგაულის, ადიგენის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ქობულეთის, ქედისა და ფოთის, ასევე, ხაშურის, ხულოს, ხონის, წყალტუბოს, ქარელის, სიღნაღის, საჩხერის, ონის, ამბროლაურის, ლანჩხუთის, გორისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებმა მოსახლეობას ის მესიჯები მიაწოდეს, რომლებიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ გამოწვევებს პასუხობს.

25 ნოემბერს ნარიჯისფრად განათდა თბილისის ანძაც. სწორედ ამ სიმბოლური ჟესტით შეუერთდა საქართველოს დედაქალაქი გლობალურ კამპანიას.

ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია, 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.

აღნიშნული კამპანიის მხარდამჭერი ღონისძიებები ათეა-ს მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.