• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ათეა-ს მხარდაჭერით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეწარმე ქალთა ფორუმი გაიმართა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის მხარდაჭერითა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფორუმი ,,ქალები გურიისთვის“ გაიმართა.

ღონისძიებას, რომელიც პროექტის ,,მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი“ ფარგლებში მოეწყო, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან - დავით მელუასთან და მის მოადგილესთან - ნათია ღვინაშვილთან ერთად, ცენტრალური და გურიის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და გურიის რეგიონის წარმატებული მეწარმე ქალბატონები ესწრებოდნენ.

დავით მელუამ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ქვეყანაში ქალთა როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ათეა ყოველთვის მიესალმება და მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტებში მსგავსი აქტივობების განხორციელებას.

,,როდესაც ვსაუბრობთ ქალთა როლის გაძლიერებაზე და თანასწორობაზე, ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ, ჩვენ ვუბრუნდებით ქვეყნის ისტორიულ საწყისებს, რადგან ქალთა როლი საქართველოს ისტორიაში ყოველთვის იყო გამოკვეთილი, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური კუთხით. შესაბამისად ყველა ეს ინიციატივა ჩვენთვის ერთის მხრივ, რა თქმა უნდა არის თანამედროვე დემოკრატიულ გამოწვევებზე რეაგირება და ამავდროულად გახლავთ ჩვენი კულტურისა და თვითმყოფადობის ფესვებისადმი დაბრუნება.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას აქვს რამდენიმე საინტერესო პროგრამა და მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტების ჩართულობა ყოველთვის მხარდაჭერილი იქნება, როგორც ორგანიზაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ასევე ასოციაციის აპარატის მხრიდან “ - განაცხადა დავით მელუამ.

ნათია ღვინაშვილმა სიტყვით გამოსვლისას გენდერული თანასწორობის მიმართულებით ორგანიზაციის როლზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული კუთხით ასოციაციის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

,,მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის პარტნიორი ორგანიზაციისათვის, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარება და გაძლიერება. სწორედ იმ მიზნით, რომ მოგვეხდინა ჩვენი მხარდაჭერის ძალიან მკაფიოდ დაფიქსირება, გენდერული თანასწორობის მიმართულებით, ორგანიზაციის პრეზიდენტის-კახა კალაძის მხარდაჭერით, ასევე ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტის, ევროსაბჭოს კონგრესის ვიცე-პრეზიდენტის - თამარ ტალიაშვილის დიდი მონდომებით, დავიწყეთ აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა: კერძოდ, ჩვენი ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ შეიქმნა პლატფორმა, რომლის მიზანსაც თვითმმართველობებში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის საკითხების კოორდინაცია წარმოადგენს და თავის მხრივ არა ერთ მიმართულებას მოიცავს. ასევე, დაარსდა გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც უკვე დაიწყო მუშაობა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის გაძლიერების მიმართულებით და ცხადია, ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი გენდერული მიმართულებით ადგილობრივ დონეზე უფრო ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებას“- განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.

ფორუმის მონაწილეებს ასევე, სიტყვით მიმართეს ცენტრალური და გურიის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების- NDI, SIDA და M4EG წარმომადგენლებმა, წარმატებულმა მეწარმე ქალბატონებმა და ექსპერტებმა.

ღონისძიებაზე ქალ მეწარმეებს საშუალება მიეცათ ინფორმაცია მიეღოთ დაფინანსებისა და სხვა შესაძლებლობების შესახებ, ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა: „აწარმოე საქართველოში“, ,,ევროპის ფონდი'', სავაჭრო პალატა, გლობალ ბენეფიტ ჯორჯია, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და სხვა.

ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართა დისკუსია მეწარმეებისთვის აქტუალურ საკითხებზე.

ღონისძიების დასასრულს, დაფუძნდა პლატფორმა „ქალები გურიისთვის“, რომლიც ქალების გაძლიერებითა და ჩართულობით, გურიის რეგიონიში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

პროექტი- ,,მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი“ გურიის რეგიონის მასშტაბით, მცირე და საშუალო ბიზნესში, ასევე ხალხური რეწვით დაინტერესებული ქალების გაძლიერებას, ფინანსებზე წვდომის ხელშეწყობას, ერთიანი ქსელის შექმნასა და რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის, ბიზნესის დაფინანსების, რეგულაციებისა და სიახლეების შესახებ მუდმივად განახლებული ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად.

იხილეთ ფოტო გალერეა

იხილეთ ვიდეო