• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

თვითმმართველობებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთათვის გენდერული თანასწორობის საკითხებზე ონლაინ სასწავლო კურსები იწყება

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციების ქსელი (NALAS), მის პარტნიორ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, თვითმმართველობებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთათვის გენდერული თანასწორობის საკითხებზე ონლაინ სასწავლო კურსებს განაგრძობს.

როგორც ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, CEMR -ში გენდერის ექსპერტმა და პროექტის -„გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ კოორდინატორმა - ნათია ღვინაშვილმა განმარტა, ასოციაცია, რომელიც ქვეყნის 64-ვე მუნიციპალიტეტს აერთიანებს, აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩართულია ყველა იმ ღონისძიებაში, რომლებიც სხვა თემებთან ერთად, მუნიციპალური გენდერული პოლიტიკის მხარდასაჭერად და მათ შორის, აღნიშნული მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით ხორციელდება.

ინგლისურენოვანი დისტანციური კურსი, რომელიც 3 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით ჩატარდება, 4 მოდულად დაიყოფა და ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის, გენდერული ბიუჯეტირების (GRB), ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციების, როგორც გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ინსტრუმენტებისა და ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის საუკეთესო პრაქტიკების პოპულარიზაციის საკითხებს მოიცავს.

თითოეულ მოდულზე მუშაობა, რომელიც სასწავლო მასალასთან ერთად ბიბლიოგრაფიას, ვიქტორინასა და ფორუმს დაეთმობა, 1 კვირას გაგრძელდება.

აღნიშნულ თემებთან ერთად, ონლაინ სწავლების პერიოდში, მონაწილეებს, ასევე შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ გენდერული უთანასწორობის დაძლევის მექანიზმებს და დეტალურად განიხილონ გენდერული ბიუჯეტირების პრინციპები. კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, ასევე საშუალება ექნებათ ჩაერთონ დისკუსიის ფორმატში, სადაც ინფორმაციის ურთიერთგაცვლასთან ერთად, მათთვის საინტერესო თემებზე იმსჯელებენ.

საბაზისო ცოდნის მიღების შემდეგ, ჩატარდება ტესტირება, რის შემდეგაც მონაწილეებს კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სპეციალური სერთიფიკატები გადაეცემათ.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ონლაინ კურსები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მუნიციპალიტეტებისთვის, წინა წელსაც გაიმართა და ათეა-სთან თანამშრომლობით, მასში საქართველოდან - თბილისის, ბათუმის, ჭიათურის, ახმეტის, მარტვილის, მარნეულის, ქობულეთის, გარდაბნის, ასევე მცხეთის ფოთისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.