• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

თანასწორობის ქარტიაზე ხელმომწერი მუნიციპალიტეტებისთვის ონლაინ სასწავლო სემინარი გაიმართა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) წევრი მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებმაც ათეა-ს ადვოკატირების შედეგად თანასწორობის ქარტიას მოაწერეს ხელი, CEMR / PLATFORMA- სა და ჰააგის ადგილობრივი მმართველობის აკადემიის მიერ ორგანიზებული  ონლაინ სასწავლო სემინარი  - "ევროპული ქარტია ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ" გაიმართა.

ტრენიგს, რომელიც ორი ქვეყნის - საქართველოსა და მოლდოვას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებისთვის მოეწყო, ,, PLATFORMA- ს პროექტის ოფიცერთან - ბელა ცხელიშვილთან  და ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) წარმომადგენელთან - ჯეიმი ჯასთთან ერთად, ადამიანური რესურსების ხელმძღვანელი და ბეჩეის (სერბეთი) მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის კოორდინატორი - ჯელენა ბრანკოვ-სერევიცკი ​უძღვებოდა.

სემინარის დაწყებამდე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, CEMR-ში ეროვნულმა კოორდინატორმა - ნათია ღვინაშვილმა, სემინარის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნული სასწავლო კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მანვე, ათეა-სა და CEMR-ის მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას გაუსვა ხაზი და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, პროექტის ,,გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება.  

,,უკვე ხვალ, ქარტიაზე ხელმომწერი 21 თვითმმართველი ერთეული ეყოლება ქვეყანას, რაც საქართველოს მუნიციპალიტეტების საერთო რაოდენობის დაახლოებით 30 %-ია. პირადად ჩემთვის, ეს რიცხვი ნამდვილად ნიშნავს მიღწეულ წარმატებას ქალთა უფლებების დაცვის სფეროში. თანასწორობის ევროპული ქარტიის ხელმოწერით ამ მუნიციპალიტეტებმა გადადგეს უდიდესი ნაბიჯი, რომელიც მეტყველებს მათ მზაობაზე, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი გენდერული თანასწორობისა და მეინსტრიმინგის პრინციპების დანერგვასა და გაღრმავებას საკუთარ ტერიტორიაზე. აღნიშნული დოკუმენტი კი, გახდება ამ მუნიციპალიტეტებისთვის კიდევ ერთი, ძალიან კარგი ინსტრუმენტი გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის გზაზე, რაც ნამდვილად წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ საზრუნავსა და მიზანს", - განაცხადა ნათია ღვინაშვილმა და საქართველოსა და მოლდოვის წარმომადგენლებს წარმატება უსურვა.

ტრენინგის მონაწილეებს, ასევე, მისასალმებელი სიტყვით მიმართა  პროგრამის ,,კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში’’ ანალიტიკოსმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

როგორც თამარ ვაშაკიძემ აღნიშნა, დღევანდელი სასწავლო კურსი მონაწილეებს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო ეფექტიანად დანერგონ და პრაქტიკაში გამოიყენონ თანასწორობის ქარტიით განსაზღვრული პრინციპები და ამოცანები.

უცხოელმა ექსპერტებმა, სემინარის მონაწილეებს ქარტიის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებში დანერგილი კარგი პრაქტიკა გააცნეს, რის შემდეგაც ორი ქვეყნის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დისკუსიის ფორმატში ჩაერთვნენ და ინფორმაციის ურთიერთგაცვლასთან ერთად, მათთვის საინტერესო თემებზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ ათეა-ს ადვოკატირების შედეგად, ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ“ ევროპულ ქარტიას უკვე 18 ქართული მუნიციპალიტეტი შეუერთდა. ახლო მომავალში კი, დოკუმენტს, კიდევ 3 მუნიციპალიტეტი მოაწერს ხელს.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, რომელიც ქვეყნის 64-ვე მუნიციპალიტეტს აერთიანებს, აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩართულია ყველა იმ ღონისძიებაში, რომლებიც სხვა თემებთან ერთად, მუნიციპალური გენდერული პოლიტიკის მხარდასაჭერად და მათ შორის, აღნიშნული მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით ხორციელდება.

იხილეთ ფოტო ალბომი