• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ათეამ გენდერული თანასწორობის  მუნიციპალური სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე ტრენინგები დაიწყო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ მომზადებული გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების დამხმარე სახელმძღვანელოს შემუშავების შემდეგ, ასოციაცია კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადადის და წევრი თვითმმართველი ერთეულებისთვის სხვადასხვა თემატურ ღონისძიებებს განაგრძობს.

ამჯერად ათეამ, მისი ადვოკატირების შედეგად ევროპულ ქარტიაზე ხელმომწერი მუნიციპალიტეტებისთვის ტრენინგების მორიგი სერია დაიწყო, რომელიც  გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების შემუშავების ძირითად პრინციპებზე მსჯელობას დაეთმო.

ორდღიანი სასწავლო კურსი,  ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, CEMR-ში გენდერის ექსპერტმა და  პროექტის - ,,გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ კოორდინატორმა - ნათია ღვინაშვილმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ,,კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში’’ ანალიტიკოსთან - თამარ ვაშაკიძესთან ერთად გახსნა,  

ტრენინგის ორგანიზატორებმა ერთობლივად შემუშავებული გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების დამხმარე სახელმძღვანელოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განმარტეს, რომ აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა, საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობასთან ერთად, საერთაშორისოდ აღიარებულ ჩარჩოებსა და პრინციპებზე დაყრდნობით შეიქმნა.   

როგორ უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტში სიტუაციის ანალიზის ჩატარება და პრობლემის იდენტიფიცირება, რა ფორმით უნდა განისაზღვროს მიზნები საჭიროებების აღმოსაფხვრელად და რა ინდიკატორებია საჭირო კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად  - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებზეც სასწავლო სემინარის მონაწილეებმა ტრენერებთან ერთად იმსჯელეს.

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, ასევე, დეტალურად განიხილეს გენდერული მეინსტრიმინგის პრინციპები და ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებასა და კოორდინაციის გაუმჯობესებაზე ისაუბრეს, რის შემდეგაც სესია პრაქტიკულ სავარჯიშოებს დაეთმო.  

სასწავლო კურსი, რომელშიც 35-მდე პირი იღებდა მონაწილეობას, ნათია ღვინაშვილმა შეაჯამა და დამსწრე საზოგადოებას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

ათეა-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის - ,, გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში გამართულ ტრენინგში,  რომელიც დასავლეთ საქართველოდან თანასწორობის ევროპულ ქარტიაზე ხელმომწერი 10 მუნიციპალიტეტისთვის გაიმართა, ასოციაციის აპარატის თანამშრომლები, დარგის ექსპერტები და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ანალოგიური ღონისძიება აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვისაც მოეწყობა, რომელშიც ქარტიაზე ხელმომწერი 11 თვითმმართველი ერთეული ჩაერთვება. სამომავლოდ კი ტრენინგების ციკლი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.

იხილეთ ვიდეო 

იხილეთ ფოტო გალერეა