• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ქალთა მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ონისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის  (NALAG) წევრ ორ მუნიციპალიტეტში, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით მიმდინარე საგრანტე კონკურსის შესახებ ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები გრძელდება. 

ონისა და სენაკის თვითმმართველ ერთეულებში  შექმნილი სამუშაო ჯგუფების წევრები, სოფლად  მცხოვრებ ქალებს პირადად ხვდებიან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის დეტალებს აცნობენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პოტენციურ ბენეფიციარებს სპეციალური განაცხადის ფორმებსაც  ურიგებენ, რომლებიც მათი იდეების ჩამოყალიბებას კიდევ უფრო ამარტივებს.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო კამპანია ადგილობრივი მედიასაშუალებებისა და სოციალური ქსელის მეშვეობითაც მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, პროგრამაში მხოლოდ ონისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული 18 წელს მიღწეული ქალები ჩაერთვებიან, საბოლოოდ კი, გრანტს კონკურსის მინიმუმ 10 მონაწილე მიიღებს, რომლებსაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და ექსპერტებით დაკომპლექტებული შეფასების კომისია გამოავლენს.

როგორც პროექტის ხელმძღვანელებმა, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, CEMR-ში ეროვნულმა კოორდინატორმა და ექსპერტმა -  ნათია ღვინაშვილმა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში ექსპერტმა - შორენა კოჭლამაზაშვილმა განმარტეს, პირველ ეტაპზე შეირჩევა საუკეთესო იდეები, რის შემდეგაც ბიზნეს გეგმის შესადგენად პოტენციური ბენეფიციარებისთვის დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება, აღნიშნული დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის წარდგენისას კი, განხორციელდება საველე მონიტორინგი და შემაჯამებელი კომისია მხოლოდ იმ პროექტებს განიხილავს, რომლებიც საკონკურსო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

სამიზნე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 28 ივნისის ჩათვლით გრძელდება.

პროექტი ,,ქალთა მცირე ბიზნესის მხარდაჭერა’’, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში ხორციელდება. 

 

იხილეთ ფოტო გალერეა