• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ნათია ღვინაშვილი: ახალი რეალისტური სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად, მნიშვნელოვანია იმ თვითმმართველი ერთეულების  წარმომადგენლების ჩართულობა, რომლებსაც  ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე და დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან ყოველდღიურ რეჟიმში უშუალოდ უწევთ კომუნიკაცია

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მხარდაჭერით, სახელმწიფო უწყებების, სამიზნე მუნიციპალიტეტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ერთობლივი ოთხდღიანი სემინარი დაიწყო, რომელიც ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების შესახებ სამწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პრინციპებზე, ასევე აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევების დაძლევის გზებსა და დოკუმენტის პრიორიტეტებზე მსჯელობას დაეთმობა.

სასწავლო კურსი, რომელიც ქვეყანაში არსებული რეგულაციების გამო, ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან - ნათია ღვინაშვილთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა - თამარ ლობჟანიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში - ნიკო თათულაშვილმა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა - მაკა ფერაძემ გახსნეს.

როგორც შეხვედრის დასასწყისში აღინიშნა, ათეა, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების განხორციელების პროცესში აქტიურად ჩაერთო და მოკლე ვადებში შეძლო სხვადასხვა საკითხების ორგანიზება, რამაც კიდევ უფრო მოქნილი და ეფექტიანი გახადა დოკუმეტზე მუშაობის პროცესი.

ნათია ღვინაშვილმა, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ანალოგიურ შეხვედრებში მუნიციპალიტეტების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ღონისძიების ორგანიზატორებს თვითთმმართველ ერთეულებთან თანამშრომლობის, ასევე თემატური სასწავლო კურსებისა და სემინარების მოწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

,,არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ჩავერთეთ ამ უაღრესად მნიშვნელოვან პროცესში. თუმცა, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან და რა თქმა უნდა, ჩვენს წევრ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ საკუთარი წვლილის შეტანას. ჩვენთვის, როგორც საქართველოს მუნიციპალიტეტების გამაერთიანებელი ქოლგა ორგანიზაციისთვის, ადგილობრივ დონეზე თვითმმართველი ერთეულების გაძლიერება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად ათეა ყოველთვის მხარს დაუჭერს ასეთი სახის ღონისძიებებს და კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად ჩაერთვება აღნიშნულ პროცესში. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ადგილობრივ დონეზე, მუნიციპალიტეტებს გეგმის შესრულების ბევრი კარგი მაგალითი აქვთ, თუმცა არსებობს გამოწვევები, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების მოვალეობებს სცდება, შესაბამისად, მუნიციპალიტეტების შესაძლებლობაზე და ვალდებულებებზე მორგებული, ახალი რეალისტური სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად, მნიშვნელოვანია იმ თვითმმართველი ერთეულების ჩართულობა, რომლებსაც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე და დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან ყოველდღიურ რეჟიმში უშუალოდ უწევთ კომუნიკაცია“-განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.

კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირება და მართვა, ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგი და შეფასება, გეგმის საქმიანობების განფასება და ბიუჯეტირება, ასევე საერთაშორისო, საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და შედეგზე ორიენტირებული მენეჯმენტის პრინციპები ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში - ეს ის საკითხებია, რომლებზეც სემინარის მონაწილეები ქართველ და უცხოელ ექპერტებთან ერთად 4 დღის განმავლობაში იმსჯელებენ.

სასწავლო კურსის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ჯგუფური სამუშაოების ციკლი.

სახელმწიფო უწყებების, სამიზნე მუნიციპალიტეტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის გამართული სემინარი, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის ინიციატივით ეწყობა, 3 სექტემბერს დასრულდება.