• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის - ირაკლი შენგელიას ინტერვიუ

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის - ირაკლი შენგელიას ინტერვიუ

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მედია ქსელი, მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების გაშუქებას განაგრძობს.

მედია ქსელი, რომელიც ათეა-ს ინიციატივით, პროექტის „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში შეიქმნა, გენდერული თანასწორობის საბჭოებთან მჭიდრო თანამშრომლობას, გამოწვევების დასაძლევად ერთიანი მექანიზმების შემუშავებას, ასევე მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული კარგი მაგალითების და პრაქტიკის გაზიარებასა და მედია მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გთავაზობთ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის - ირაკლი შენგელიას ინტერვიუს.

 

ბატონო ირაკლი, როდიდან ფუნქციონირებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭო, ვინ არიან წევრები და როგორია საბჭოს შექმნის ისტორია?

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო შექმნილია გენდერული თანასწორობის საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო 2018 წელს შეიქმნა, ეს არის ახალი ინსტიტუციური რგოლი და მნიშვნელოვანი ბერკეტი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, რათა მოხდეს გენდერული პოლიტიკის დეცენტრალიზაცია და ადგილობრივ დონეზე იყოს ქმედითი ორგანო. შესაბამისად, როგორც შინაარსობრივი და სოციალური ასპექტების მხრივ, ასევე პოლიტიკურ ნაწილში, დიდი პასუხისმგებლობა იყო საბჭოს ფორმირებაში მონაწილეობა. ჩვენი მიზანი იყო სწორი სტარტის აღება, რაც ვფიქრობ შევძელით.

დავიწყეთ მუნიციპალურ დონეზე არსებული ინსტიტუციური გამოცდილების შესწავლა და სწორედ ამ გამოცდილებას დაეფუძნა ის შემდგომი ნაბიჯები, რაც მოჰყვა საბჭოს ფორმირებას.

საბჭოს შემოუერთდნენ ის ორგანიზაციები და ექსპერტები, რომელებიც წლების განმავლობაში მუშაობენ ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე. საბჭო აერთიანებს არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ჯანდაცვის სექტორის და რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების წარმომადგენლებს.

რა არის გენდერული თანასწორობის საბჭოს პრიორიტეტები და რა მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას? 

საქმიანობის ძირითად მიზნად დავსახეთ ქმედითი დებულების შექმნა. პირველ ეტაპზე საბჭოში არსებული რესურსითა და გამოცდილებით მოხდა წევრების, მათ შორის გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე მყოფი პირების ცნობიერების ამაღლება. ინსტიტუციურმა გაძლიერებამ საშუალება მოგვცა, დაგვეგეგმა აქტიური საინფორმაციო კამპანია. ამ მიმართულებით საბჭომ არაერთ ღონისძიებას უმასპინძლა. მათ შორის აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტმა, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კვირეულის ფარგლებში, გენდერული საბჭოს საინფორმაციო კამპანიის გატარებისთვის, გენდერულ საკითხებში პრემიერ მინისტრის მრჩევლის მადლობის წერილი დაიმსახურა.

საბჭოს ეგიდით შედგა კონფერენცია ,,ქალების სათქმელი’’, რომელზეც სხვადასხვა სფეროში წარმატებულმა ქალებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლებიც მათ პროფესიული წარმატების გზაზე გადალახეს.

დღეს საბჭოს საქმიანობა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, ჩვენ ვმუშაობთ გენდერული სტრატეგიის მუნიციპალურ დოკუმენტზე, ასევე, ახალგაზრდების გააქტიურების, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის ფორმირების ხელშეწყობის, ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის, ინკლუზიური სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამების შემუშავების საკითხებზე. იმისათვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ ადგილობრივი საჭიროებები და პრიორიტეტები, საბჭომ ჩაატარა კვლევა და სწორედ, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და პარტნიორ ორგანიზაციებთან კონსულტაციებით იგეგმება ყველა ის აქტივობა, რომელსაც საბჭო ახორციელებს.

თქვენ ახსენეთ სტრატეგიის დოკუმენტი, უფრო ვრცლად რომ გვითხრათ, რა მიზანს ემსახურება ამ დოკუმენტის მიღება და რამდენად ქმედითი იქნება ის?

გენდერული სტრატეგიის მუნიციპალური დოკუმენტი, საბჭოსა და მუნიციპალური ორგანიზაციების სახელმძღვანელო დოკუმენტია, რომელიც, განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერულ პოლიტიკას, როგორც გენდერული ბიუჯეტირების, ასევე მუნიციპალიტეტის პროგრამების გენდერული ასპექტების შეფასების ნაწილში. დოკუმენტის შემუშავებაში ჩვენი მხარდამჭერია ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), რომელიც აღნიშნული მიმართულებით, მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინირებულ მუშაობასა და თვითმმართველობის ორგანოებსა და ეროვნულ ხელისუფლებას შორის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

აქვე დავძენ, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტი, ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც ათეა-ს ინიციატივითა და მხარდაჭერით, „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ“ ევროპულ ქარტიას შეუერთდა. აღნიშნული კი, საშუალებას გვაძლევს, მუნიციპალიტეტის საქმიანობა, საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მოქალაქეთა საჭიროებების და ინტერესების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ინკლუზიური და გენდერულად მგრძნობიარე გავხადოთ.

როგორია დღეს მუნიციპალიტეტის გენდერული პოლიტიკა, რა პროგრამებია დანერგილი ქალთა გაძლიერების მიმართულებით?

ადგილობრივი თვითმმართველობა პროგრამების შემუშავებისას დიდ ყურადღებას ვუთმობთ ქალთა და გოგონათა გაძლიერებას, გვაქვს არაერთი პროგრამა, რომელიც უშუალოდ მიმართულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ, პირველ რიგში გამოვყოფდი მრავალშვილიანი დედების ეკონომიკური გაძლიერების პროგრამას, წინა წლებში არსებული გამოცდილება გულისხმობდა მხოლოდ ერთჯერად მატერიალურ დახმარებას, პროგრამის ეფექტურობის შესწავლის შემდეგ, იმისათვის, რომ გვქონოდა გრძელვადიანი მდგრადი შედეგი, გადავწყვიტეთ ხელი შეგვეწყო პროფესიული გადამზადებისთვის და მხარი დაგვეჭირა ბიზნეს ინიციატივებისთვის. შედეგად პროგრამის მონაწილე მრავალშვილიან ოჯახებს უკვე მუდმივი შემოსავლის წყარო აქვს.

საბჭოს რეკომენდაციით შემუშავებული პროგრამებიდან გამოვყოფდი მადლიერების სახლის ბაზაზე სოციალური სამრეცხაოს მშენებლობას. პროექტის დასრულების შემდეგ მადლიერების სახლის ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ დამატებითი სერვისით.

ჩვენი პრიორიტეტი, ასევე არის შშმ ქალების და გოგონების მხარდაჭერა, პირველ რიგში ეს გულისხმობს ჯანდაცვით და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. სწორედ ამ მიზნით, 2021 წლის ბიუჯეტისთვის, პირადად ჩემი ინიციატივით, მომზადდა მუნიციპალური პოლიკლინიკის გინეკოლოგიური კაბინეტის ადაპტირების პროექტი. აქტიურად ვმუშაობთ გაჩერებების და მოსაცდელების ადაპტირების საკითხზე, მოგეხსენებათ, რომ ქალაქს ყავს ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც სრულადაა ადაპტირებული, თუმცა ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის მიმართულებით კიდევ ბევრია სამუშაო.

პანდემიის პირობებში ადგილობრივმა თვითმმართველობამ ცვლილებები შეიტანა ბიუჯეტში, შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები და შეიქმნა ახალი პროგრამა, რომელიც პანდემიის შედეგების დაძლევაზეა ორიენტირებული, ამასთან, ვმუშაობთ კონკრეტული მიმართულებების დაფინანსებაზე, მაგალითისთვის, ეს არის დისტანციური სწავლების პირობებში სოციალურად დაუცველი ოჯახების ინტერნეტით უზრუნველყოფის პროგრამა, იმისათვის, რომ ყველა მოსწავლეს ჰქონდეს განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა.

2021 წელს, ჩვენ ვახორციელებთ მუნიციპალური პროგრამების ეფექტიანობის კვლევას და აღსანიშნავია, რომ შეფასება მოიცავს გენდერულ ასპექტებსაც. მიზანმიმართული, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯებით და ერთობლივი ძალისხმევით, გენდერული საკითხების მეტად აქტუალიზაცია მოხდება.


ბოლოს უნდა გკითხოთ ქუთაისის ფემინისტური მემკვიდრეობის შესახებ, ამ მხრივ ქუთაისი გამორჩეული ქალაქია?

ჩვენთვის ქუთაისის ფემინისტური წარსული არის საამაყო და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაც, ისტორია, რომელიც შექმნეს აქტივისტმა ქალებმა გვახსენებს იმას, თუ საიდან მოვდივართ, სწორედ წარსულ გამოცდილებას უნდა დაეფუძნოს სიახლის ხედვა, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ეს ისტორიები, რომელთა წაშლასაც საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა, გავაცოცხლოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს. ამ მიზნით მესამე სკოლასთან, რომელიც გახლდათ ქალთა გიმნაზია, გაიხსნა უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ქალთა მემორიალი და ქუთაისში არსებულ სკვერს მიენიჭა ვარინკა მაჭავარიანის სახელი.

გარდა უშუალო გენდერული ასპექტებისა, საბჭომ შეიმუშავა რეკომენდაცია, რომელიც გულისხმობს კიკვიძის ძეგლის, როგორც საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლიკის დემონტაჟს. ამ მიმართულებით საბჭო თანამშრომლობს სახელდების კომისიასთან.