• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით განხორციელებული პროექტის გამარჯვებული ქალების ისტორიები

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით განხორციელებული პროექტის გამარჯვებული ქალების ისტორიები

პანდემია კვლავ აქტიურ ფაზაშია, კოვიდ -19 ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი  კი, პირველ რიგში სოფლად მცხოვრებ ადამიანებზე აისახა.

აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) პროექტი წამოიწყო, სამიზნე აუდიტორიად საქართველოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალები შეარჩია და მათი ეკონომიკური გაძლიერების მიზნით კონკურსი გამოაცხადა.

პროგრამა, რომელიც GIZ-ის მიერ მოწვეული ექსპერტების, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, CEMR-ში ეროვნული კოორდინატორისა და ექსპერტის - ნათია ღვინაშვილის და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში ექსპერტის - შორენა კოჭლამაზაშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, სენაკისა და ონის თვითმმართველ ერთეულებში ახალი ბიზნესის დასაწყებად, ან უკვე არსებული საქმის გასაფართოებლად საჭირო ინვენტარის შეძენას ითვალისწინებდა, რომელიც GIZ-ის კონტრაქტორი - ,,საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის’’ მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე განხორციელდა.

პროექტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს ე.წ. ,,start-up’’ წარმოადგენდა, შესაბამისად პროგრამა ბენეფიციარებისთვის  ბიზნეს-პროექტის წერის მასტერკლასსაც მოიცავდა, სადაც გამოუცდელმა ქალებმა დეტალურად შეისწავლეს პროექტის წერის პრინციპები.  

პროგრამის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება,  ისეთ პროექტებზეც გამახვილდა, რომლებიც  შიდა მიგრაციის შემცირებას, მუნიციპალიტეტებში დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას, ასევე, ტურიზმის, აგროსექტორისა და სხვა მიმართულებების განვითარებას შეუწყობს ხელს.

,, მინდა ყველა ქალს ვურჩიო დაუბრუნდნენ სახლებს და საკუთარ რეგიონში აკეთონ საყვარელი საქმე. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე თამამად ვიტყვი, რომ იდეის განსახორციელებლად მნიშვნელობა არ აქვს ასაკს - აღნიშნავს ონის მკვიდრი  ნათელა მაისურაძე, რომელიც თბილისში წლების განმავლობაში კონდიტრად მუშაობდა.

,,წარმოშობით ონის მუნიციპალიტეტიდან ვართ, თუმცა ჩემი ოჯახი თბილისში ცხოვრობდა და შესაბამისად დედაქალაქში ვიყავი დასაქმებული. რამდენიმე წლის წინ ჩემს ქალიშვილს ონში შესთავაზეს სამსახური, მე კი იძულებული გავხდი ყველაფერი მიმეტოვებინა და  შვილიშვილის გაზრდაში მიმეღო მონაწილეობა.

როდესაც დედაქალაქშიც კი ჭირს დასაქმება, აქ არც მიფიქრია სამსახურის მოძებნა და მითუმეტეს ვერ წარმომედგინა, რომ ჩემი შემოსავალი მექნებოდა, თუმცა ოჯახის წევრების დაჟინებული მოთხოვნით, ჯერ სამი ტორტი ჩავაბარე მაღაზიაში, რომლებიც იმ დღესვე გაიყიდა, შემდეგ კი სტიმული მომეცა და ონის გარდა ამბროლაურშიც შევიტანე პროდუქცია. დრო და დრო იმატა შეკვეთებმა და დღეს უკვე რაჭის თითქმის ყველა სოფლიდან მყავს მომხმარებელი.

მოგეხსენებათ ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შენდება, რაც ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს, შესაბამისად დავიწყე ბიზნესის გაფართოებაზე ფიქრი, თუმცა კაფის ასაშენებლად დიდი სახსრებია საჭირო და იდეის განხორციელებას მხოლოდ  შორეულ პერსპექტივაში ვხედავდი.

ივნისის დასაწყისში მუნიციპალიტეტის სოციალურ ქსელში  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის შესახებ წავიკითხე ინფორმაცია და დღეს უკვე მიზნის განსახორციელებლად ყველა საჭირო ინვენტარი და სამშენებლო მასალა მაქვს“,- განაცხადა   - ნათელა მაისურაძემ. რომელსაც GIZ -ის პროგრამის ფარგლებში სამშენებლო ბლოკი, ცემენტი, რკინის კარი, ასევე ვიტრაჟის მოსაწყობი მასალა და მეტალპლასტმასის კარ-ფანჯარა გადაეცა.

ნათელა მაისურაძის მსგავსად, ისტორიულ და ტურისტებით დატვირთულ უბანში, ნოქალაქევის არქიტექტურული მუზეუმის მიმდებარედ ცხოვრობს მაია გოგიაც, რომელიც 2001 წლიდან საკუთარ სახლში იღებდა სტუმრებს, თუმცა პანდემიისა და რეგულაციების გამკაცრების  გამო, გაფართოების საჭიროება დაინახა და საკუთარ ნაკვეთზე ცალკე მდგომ სახლში 18-20 ადამიანზე გათვლილი სასტუმროს მოწყობა დაიწყო.

,, ჩვენს ოჯახში ტურისტების ნაკადი არ წყდებოდა, თუმცა ბოლო ორი წელია პანდემიის გამო  ძალიან ვფრთხილობთ და მიღებაზე ბევრ დამსვენებელს ვუთხარით უარი. შესაბამისად გადავწყვიტეთ მეორე სახლში მოგვეწყო სასტუმრო და ნელ-ნელა დავიწყეთ მისი  მოპირკეთება. მოგეხსენებათ, სარემონტო სამუშაოები და საჭირო ინვენტარის შეძენა დიდ სახსრებთან და დროსთან არის დაკავშირებული და აღნიშნული პროცესი გაჭიანურდა.   

როდესაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) კონკურსის შესახებ შევიტყვე, ბედს მივენდე და შევიტანე განაცხადი.  საბედნიეროდ ჩემმა ბიზნეს-იდეამ მოწონება დაიმსახურა. პროგრამის ფარგლებში მივიღეთ მაცივარი, სამზარეულოს გარნიტური და ბარის მაგიდა, ასევე კარადები და საწოლები, თანადაფინანსებით კი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, წყლის გამათბობელი და აბაზანის ინვენტარი შევიძინეთ. ახლა მხოლოდ ეზოს მოპირკეთება დაგვრჩა და ვფიქრობ, სასტუმრო გაზაფხულიდან უკვე  შეძლებს სტუმრების მიღებას“, - განაცხადა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის მკვიდრმა - მაია გოგიამ.

მეუღლის ჯანმრთელობის გაუარესების გამო საოჯახო ბიზნესს სათავეში ჩაუდგა GIZ -ის კონკურსის გამარჯვებული, სენაკის მკვიდრი, ია შამათავა, რომელიც სანერგე მეურნებოითაა დაკავებული.  

,,ქალისთვის ძალიან მძიმეა ნიადაგთან მუშაობა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეძენილი   მოტობლოკით, პესტიციდების შემტანი მანქანით, ოზონის გენერატორითა და საბაღე ინსტრუმენტების ნაკრებით კი, უკვე თამამად შემიძლია, არა მხოლოდ ბიზნესის შენარჩუნებაზე, არამედ მის გაფართოებაზეც ვიფიქრო და კურკოვანთან ერთად, თესლოვანი და ციტრუსოვანი კულტურა, ასევე სუბტროპიკული ხურმა მოვაშენო“,- განაცხადა ია შამათავამ და აღნიშნა, რომ პროექტის დახმარებით, წელიწადში 10-15 ათასი ნერგის რეალიზებას შეძლებს.

 აღნიშნული პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ასევე გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში ხორციელდება.