• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად, ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი

მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად, ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წევრი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად, ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.

დოკუმენტზე ხელმოწერით, თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენელმა ერთხმად დააფიქსირეს პოზიცია, რომლის თანახმადაც, ეთანხმებიან და იზიარებენ ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კონვენციით, ადგილობრივ თვითმმართველობებში ქალების შესახებ მსოფლიო დეკლარაციით, ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ ევროპული ქარტიითა და საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ვალდებულებებს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების შესახებ ყველაზე დონეზე.

განცხადებაში, ასევე ხაზგასმულია ადგილობრივი თვითმმართველობების უმნიშვნელოვანესი როლი, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების კუთხით არსებული საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების ეფექტიან განხორციელებაში და გამოკვეთილია ქალთა აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, რაც დემოკრატიის, მდგრადი განვითარებისა და მშვიდობის მისაღწევად, აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები იზიარებენ, რომ ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობა ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებს და ხელს უშლის ქალთა უფლებების სრულ და თანასწორუფლებიან განხორციელებას. ამასთანავე, აღნიშნავენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ, რათა ხელი შეუწყონ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას და შესაბამის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

აღნიშნულ განცხადებაზე ხელმოწერით, მუნიციპალიტეტებმა, აგრეთვე, ადასტურებენ მზაობას, რომ გააძლიერონ გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმები, შეიმუშავონ და დაამტკიცონ საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების შესაბამისი და სათანადო რესურსებით აღჭურვილი გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმები და უზრუნველყონ მათი ეფექტიანი შესრულება, მონიტორინგი და შეფასება.

6 პუნქტიან განცხადებაზე ხელმოწერით, ასევე, მუნიციპალიტეტების შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესახებ მზაობაც დაფიქსირდა,

რომელთა შორის აღსანიშნავია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან და სხვა სახელმწიფო, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო კოორდინაცია.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიალი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG), ორგანიზებითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართული ფართომასშტაბიანი ეროვნული კონფერენციის - ,,გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები’’ ფარგლებში გაიმართა, რომელიც გენდერული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების, ასევე, არსებული გამოწვევებისა და სამოქმედო ნაბიჯების შესახებ მსჯელობას დაეთმო.