• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ათეას ბიუჯეტი 2023 წლიდან გენდერულად მგრძნობიარე გახდება

ათეას ბიუჯეტი 2023 წლიდან გენდერულად მგრძნობიარე გახდება

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ აღმასრულებელი საბჭოს რიგით XLIII სხდომა გამართა, რომელსაც ათეას ვიცე-პრეზიდენტი - გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა.

სხდომის მონაწილეებმა ორგანიზაციის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების საკითხი მოისმინეს და 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

ფინანსური დოკუმენტი დამსწრე საზოგადოებას ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, დეტალურად გააცნო.

ნათია ღვინაშვილის განცხადებით, ათეას ბიუჯეტი 2023 წლიდან გენდერულად მგრძნობიარე გახდება და ფინანსური ძალისხმევა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემატური ღონისძიებების დაფინანსებისკენ იქნება მიმართული.

მისივე თქმით, 2023 წლიდან, ორგანიზაციის ადმინისტრაციული თანაშემწე, ათეას გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირის ფუნქცია-მოვალეობებსაც შეითავსებს.

გიორგი ტყემალაძემ კი, ასოციაციის მიზნებზე ისაუბრა და განმარტა, რომ ათეას ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, თვითმმართველობების მხარდაჭერა წარმოადგენს. შესაბამისად, ფინანსურ დოკუმენტში წარმოდგენილი პარამეტრები აღნიშნული მიმართულებით არსებული ღონისძიებების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ოქტომბრიდან, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთა და თვითმმართველობათა კონფერენციის (CORLEAP) თანათავმჯდომარე ქვეყანა გახდა და ორგანიზაციის მომდევნო ღონისძიებათა დიდი ნაწილი საქართველოშია დაგეგმილი. მიმდინარე წელს, საქართველო, ასევე უმასპინძლებს ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) სხდომასაც.

ათეას 2023 წლის ფინანსურ დოკუმენტს აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

 

ფოტო გალერეა