• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას უერთდება

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიაში წელსაც აქტიურად ჩაერთვება.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, CEMR-ში ეროვნული კოორდინატორისა და ექსპერტის, ასევე პროექტის - „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ კოორდინატორის - ნათია ღვინაშვილის განცხადებით, ათეა, როგორც საქართველოს მუნიციპალიტეტების გამაერთიანებელი ქოლგა ორგანიზაცია, აღნიშნული კამპანიის ხელშეწყობის მიზნით, თვითმმართველ ერთეულებს, კვლავ სთავაზობს დამხმარე ინსტრუქციას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავდა და ძალადობის პრევენციის მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებსა და საქართველოში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციულ, ასევე, ფოტო და ვიდეო მასალას მოიცავს.

,,ჩვენს პრიორიტეტს, გენდერული ნიშნით ძალადობისა და თანასწორობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლისკენ მიმართული ღონისძიებების გატარება წარმოადგენს და ვინაიდან, ჩვენთვის კამპანიის მიმდინარეობისას უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მაქსიმალური ჩართულობა, ვითვალისწინებთ  პანდემიით გამოწვეულ მდგომარეობას და ათეას წევრ თვითმმართველ ერთეულებს, ისეთი აქტივობების განხორციელებისკენ მოვუწოდებთ, რომლებიც ქვეყანაში  დაწესებული შეზღუდვების ფონზე იქნება შესაძლებელი.

წინა წლის მსგავსად, აღნიშნულ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული ათეა-ს მედიაქსელი, სადაც პროაქტიულ რეჟიმში გაშუქდება მუნიციპალიტეტების აქტივობები და ხელმძღვანელი პირების ინტერვიუები. გამოქვეყნდება რუბრიკები, რომლებშიც ასევე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით ​გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული ქალების ისტორიები იქნება წარმოდგენილი.

ათეას ვებ-გვერდზე 25 ნოემბრიდან დაიწყება ონლაინ კამპანია, რომლის დროსაც პორტალზე ყოველდღიურად განთავსდება ვიდეო-რგოლები და ნარატიული ინფორმაცია ძალადობის ფორმებისა და სახეების თაობაზე.  ასევე, გამოქვეყნდება ინფოგრაფიკა, რომელიც ასახავს სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა/დამნაშავეთა გენდერულად სეგრეგირებულ სტატისტიკას.

ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის მიზნით,  ვგეგმავთ სხვადასხვა ფორმის სოლიდარობის კამპანიის მოწყობასაც და რაც მთავარია, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის კუთხით, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე გავმართავთ დისკუსიებს, რომლებშიც უშუალოდ დარგის ექსპერტებიც იქნებიან ჩართულნი “, - განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.

ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია, რომელიც მთელს მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.

​კამპანიის პერიოდში, უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღე (29 ნოემბერი), შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე (1 დეკემბერი), მოხალისეთა საერთაშორისო დღე (5დეკემბერი) და მონრეალში მომხდარი ტრაგედიის ხსოვნის დღე (6 დეკემბერი) აღინიშნება.

16 დღიანი კამპანიის მხარდამჭერი ღონისძიებები ათეა-ს მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.