ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში აღინიშნება ქალთა დაბალი ჩართულობა როგორც სოციალურ-ეკონომიკურ საქმიანობებში, ისე მუნიციპალურ პროცესებში ინიციატივებისა და მოსაზრებების წარდგენის კუთხით. ეს მდგომარეობა განპირობებულია საზოგადოებაში ცნობიერების ნაკლებობით, ფინანსური რესურსების დეფიციტით და სხვა ფაქტორებით. მუნიციპალიტეტის მიზანია, შესაძლებლობის ფარგლებში, შეამციროს ის ბარიერები, რომლებიც აფერხებს ქალთა აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანობაში და ხელი შეუწყოს მათი ეკონომიკური პოტენციალის გამოყენებას, ასევე შეიმუშაოს წამახალისებელი სერვისები.
ქალთა გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი წლების განმავლობაში ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ პროგრამას, რომლებიც მოიცავს მარტოხელა მშობელთა დახმარების, ახალშობილთა ოჯახების, მრავალშვილიანი ოჯახებისა და ხუთი და მეტი შვილის მქონე ოჯახების დახმარების პროგრამებს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულია გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც ხელს უწყობს გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მხარდაჭერას.
მიუხედავად არსებული პროგრამებისა, გაირკვა, რომ დამატებითი და მრავალფეროვანი სერვისებია საჭირო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გასაუმჯობესებლად. ამის პასუხად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში დამტკიცდა „ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ ქვეპროგრამა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ქალებს ხშირად აკლიათ ინფორმაცია მუნიციპალური სერვისების შესახებ ან არ იციან, როგორ და რა ფორმით შეავსონ აპლიკაციები. მაგალითად, აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ პირველ კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ორმა აპლიკანტმა მიიღო, მაგრამ მათ ვერც ერთმა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები არასრულყოფილი დოკუმენტაციისა და აპლიკაციის ხარვეზების გამო.
აღნიშნული შედეგების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტმა ხელმეორედ გამოაცხადა კონკურსი, თუმცა კვლავ მხოლოდ ორმა აპლიკანტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა განაცხადებიც ასევე ვერ დაკმაყოფილდა პროგრამის მართვის მოთხოვნების შეუსაბამობის გამო. კონკურსის ამ შედეგებმა აჩვენა, რომ აუცილებელი იყო ინფორმაციის გავრცელების გაძლიერება და საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზება, რათა დაინტერესებულ პირებს დეტალურად განემარტოთ კონკურსის არსი, მიზნები, წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და აპლიკაციის შევსების პროცესი.
ამ მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამის „ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ შესახებ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, რომლის დროსაც დამსწრე საზოგადოებას (ქალებს) დეტალურად მიეწოდათ ინფორმაცია აპლიკაციის შევსებისა და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრის შედეგად, მესამე კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, და მათ შორის იყო ქალთა საინიციატივო ჯგუფიც. წარმოდგენილ იქნა აპლიკაციები, რომლებიც შეესაბამებოდა პროგრამის მართვის მოთხოვნებს და კონკურსის მეორე ეტაპზე გადასვლის საშუალება მიეცათ.