საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის
გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის სტრატეგია
2021-2025
სარჩევი
შესავალი. 3
ძირითადი პრინციპები. 4
მიზნები და ამოცანები. 5
მიზანი 1. გენდერული პერსპექტივის ინტეგრირება ათეა-ს სტრუქტურასა და საქმიანობაში. 6
მიზანი 2. გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დანერგვის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტებში. 6
მიზანი 3. ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტებში. 7
მიზანი 4. ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის გაუმჯობესება გენდერული თანასწორობის ადგილობრივი პოლიტიკის საკითხებზე. 8
სტრატეგიის განხორციელება და მონიტორინგი. 8
შესავალი
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (შემდგომში - ათეა) არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს. ათეა-ს მიზნებია, ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარება. აღნიშნული მიზნების მიღწევაში გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის პრინციპების დაცვა და გაძლიერება ათეა-ს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნული პრიორიტეტის რეალიზებისთვის, ათეა-მ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, შეიმუშავა გენდერული თანასწორობის და გენდერული მეინსტრიმინგის სტრატეგია.
ათეას გენდერული თანასწორობის და გენდერული მეინსტრიმინგის სტრატეგია (შემდგომში სტრატეგია) ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს და შეთანხმებებსა და საქართველოს ეროვნულ კანონმდმებლობასა და პოლიტიკის დოკუმენტებს გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ.
სტრატეგია ეყრდნობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებს, რომლის მონაწილეც არის საქართველო. მათ შორისაა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია (CEDAW), მისი დამატებითი ოქმი და ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის ზოგადი რეკომენდაციები, ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ (სტამბოლის კონვენცია), პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 და თანმდევი რეზოლუციები, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და ევროპული ქარტია ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ.
სტრატეგია ასევე ემყარება საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, მათ შორის კანონს გენდერული თანასწორობის შესახებ, კანონს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, კანონს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ და საქართველოს ორგანულ კანონს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.
სტრატეგია განსაზღვრავს ათეა-ს გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს, მისი ორგანიზაციული კომპეტენციის ფარგლებში.
ძირითადი პრინციპები
გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების საერთაშორისო და ეროვნულ ჩარჩოებზე დაყრდნობით, ათეა:
აცნობიერებს, რომ გენდერული უთანასწორობა და გენდერული ნიშნით ძალადობა წარმოადგენს ადამიანის უფლებების დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას მსოფლიოში და საქართველოში;
იზიარებს, რომ გენდერული თანასწორობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში არის სამართლიანი და დემოკრატიული საზოგადოების წინაპირობა;
იზიარებს, რომ გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება, ასევე, წარმოადგენს ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების საწინდარს;
ითვალისწინებს, რომ გენდერული უთანასწორობა ეხება როგორც ქალებს, ისე კაცებს, თუმცა გენდერულ დისკრიმინაციასა და უთანასწორობას არაპროპორციულად დიდი გავლენა აქვს ქალებსა და გოგოებზე;
აცნობიერებს, რომ ქალების და გოგოების გარკვეული ჯგუფები განიცდიან დისკრიმინაციის ჯვარედინ ფორმებს - გარდა მათი გენდერისა, ისინი დისკრიმინაციის მსხვერპლები შეიძლება გახდნენ რელიგიის, ეთნიკური კუთვნილების, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის, რასობრივი კუთვნილების, სოციალური მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, სტიგმატიზებულ საქმიანობაში ჩართულობისა და სხვა საფუძველზე;
მიიჩნევს, რომ ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებებმა ხელი უნდა შეუწყონ იმ დაბრკოლებების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უწყობს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში გენდერულ უთანასწორობას;
მიესალმება, საქართველოს სახელმწიფოს გაცხადებულ პოლიტიკას გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების სფეროში და იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ განახორციელა გენდერული თანასწორობის შესახებ საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების შესასრულების კუთხით უკანასკნელი წლების განმავლობაში;
მიესალმება ბოლო წლების განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობების ძალისხმევას და არსებულ პროგრესს ადგილობრივ დონეებზე გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის გაძლიერებასთან დაკავშირებით;
მიიჩნევს, რომ, არსებობს აუთვისებელი და გასაუმჯობესებელი სივრცეები ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის საქართველოს საერთაშორისო, ეროვნული და ადგილობრივი ვალდებულებების შესასრულებლად;
აცნობიერებს, რომ გენდერული პერსპექტივის ინტეგრირება ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის ყველა სფეროში მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის მისაღწევად და უფრო ეფექტიანი, დემოკრატიული თვითმმართველობისთვის საქართველოში;
მიიჩნევს, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა უნდა განახორციელონ ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული, ეფექტიანი გენდერული თანასწორობის პოლიტიკა, უზრუნველყონ გენდერული მეინსტრიმინგი საქმიანობის ყველა სფეროში და გამოჰყონ სათანადო ფინანსური და ადამიანური რესურსები აღნიშნული მიზნების მისაღწევად;
აცნობიერებს, რომ ადგილობრივი გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება უნდა მოხდეს ამ თემებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით, ქალთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და იმ პირებისა და ჯგუფების აქტიური ჩართულობით, რომელთაც თანასწორობის დარღვევა და დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმები უშუალოდ ეხება;
მიიჩნევს, რომ ათეა-ს, ადგილობრივი თვითმმართველობების ასოციაციას, მისი წევრი მუნიცპალიტეტის მიერ მინიჭებული მანდატის ფარგლებში და საქართველოს ორგანული კანონის-„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად აქვს მნიშვნელოვანი როლი, მხარი დაუჭიროს ადგილობრივ თვითმმართველობებს გენდერული თანასწორობის და გენდერული მეინსტრიმინგის ეფექტიანი პოლიტიკის გატარებაში;
მიიჩნევს, რომ ათეა-ს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობების ასოციაციას მისი წევრი მუნიცპალიტეტის მიერ მინიჭებული მანდატის ფარგლებში და საქართველოს ორგანული კანონის-„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, აქვს მნიშვნელოვანი როლი მოახდინოს ეფექტიანი კოორდიცია და გააძლიეროს თანამშრომლობა გენდერული თანასწორობის ადგილობრივი პოლიტიკის საკითხებზე ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებს შორის.
მიზნები და ამოცანები
წინამდებარე სტრატეგიის ფარგლებში და ორგანიზაციის კომპეტენციის გათვალისწინებით, 2021-2025 წლებში ათეა მიზნად ისახავს მუშაობას გენდერული თანასწორობის და გენდერული მეინსტრიმინგის საკითხებზე შემდგომი მიმართულებებით:
გენდერული პერსპექტივის ინტეგრირება ათეა-ს სტრუქტურასა და საქმიანობაში;
გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების ეფექტიანი ინსტრუმენტების დანერგვის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტებში;
გენდერული მეინსტრიმინგის ინსტრუმენტების დანერგვის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტებში;
ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტებში;
ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის გაუმჯობესება გენდერული თანასწორობის ადგილობრივი პოლიტიკის საკითხებზე;
მიზანი 1. გენდერული პერსპექტივის ინტეგრირება ათეა-ს სტრუქტურასა და საქმიანობაში
ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის და გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობისათვის, ათეა ერთ-ერთ პირველ და მნიშვნელოვან ნაბიჯად საკუთარი ორგანიზაციის სტუქტურასა და საქმიანობაში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირებას ხედავს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ათეა განსაზღვრავს შემდგომ ამოცანებს:
ამოცანა 1. ათეა-ს მანდატისა და საქმიანობის მარეგულირებელ ნორმებსა და კომუნიკაციის პლატფორმებში ((წესდება, ვებ-გვერდი, სოც. მედია და ა.შ) გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის საკითხების ინტეგრირება;
ამოცანა 2: ათეა-ს თანამშრომლების, მათ შორის გამგეობის წევრების შესაძლებლობების გაზრდა გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის საკითხებზე;
მიზანი 2. გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დანერგვის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტებში
ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ ავალდებულებს ადგილობრივ თვითმმართველობებს შეიმუშაონ და განახორციელონ გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმები.
ათეა-ს მიაჩნია, რომ ადგილობრივი გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმები უნდა იზიარებდეს სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ გენდერული თანასწორობის პოლიტიკას, განსაკუთრებით კი ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის, ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ეროვნული სამოქმედო გეგმების სულისკვეთებას. ამავდროულად, ადგილობრივი გეგმები უნდა იყოს ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული და ეფუძნებოდეს ადგილობრივი ქალების და გოგოების საჭიროებებს. ათეა, ასევე, მიიჩნევს, რომ ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში წარმართვის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტები შეუერთდნენ „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ“ ევროპულ ქარტიას და გაიზიარონ მისი სულისკვეთება.
ეფექტიანი გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებისათვის, გენდერული თანასწორობის ცალკე მდგომ სამოქმედო გეგმებთან ერთად, მნიშვნელოვანია გენდერული საკითხების ინტეგრაცია, ე.წ. გენდერული მეინსტრიმინგი მუნიციპალიტეტების საქმიანობის ყველა სფეროში. გენდერული მეინსტრიმინგი უნდა განხორციელდეს საქმიანობის ყველა პროგრამაში, მათ შორის ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებში. გენდერული პერსპექტივის ინტეგრაცია, ასევე, უნდა მოხდეს მუნიციპალური პროგრამების განხორციელების ყველა ეტაპზე - როგორც პროგრამების დაგეგმვის, ისე მონაცემების შეგროვების, ბიუჯეტირების, მონიტორინგისა და შეფასების ეტაპებზე.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ათეა განსაზღვრავს შემდგომ ამოცანებს:
ამოცანა 1: მუნიციპალური გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელო/ინსტრუქციის დანერგვა
ამოცანა 2: „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ“ ევროპული ქარტიის ხელმომწერი მუნიციპალიტეტების რაოდენობის გაზრდა
ამოცანა 3: მუნიციპალიტეტების საქმიანობაში გენდერული მეინსტრიმინგის განხორციელების ინსტრუქციის დანერგვა
მიზანი 3. ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტებში
ქალთა მიმართ და და ოჯახში ძალადობა, გამოწვეულია გენდერული უთანასწორობით და ამავდროულად წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს დაბრკოლებას გენდერული თანასწორობის მისაღწევად.[1] აღნიშნული პრობლემა გამოწვევას წარმოადგენს საქართველოშიც, სადაც 2017 წლის საქსტატის მონაცემებით 4-დან 1 ქალს გამოუცდია გენდერული ნიშნით ძალადობის რაიმე ფორმა, 7-დან 1 ქალს გამოუცდია ძალადობა ოჯახში მეუღლის/პარტნიორის მხრიდან. ქალთა 9%-ს კი გამოუცდია სექსუალური ძალადობა ბავშვობაში. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრაში ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს მნიშვნელოვანი როლი. მუნიციპალიტეტებში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ძალისხმევა უნდა განხორციელდეს მულტიდისციპლინური მიდგომით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებათა, ადგილობრივ ორგანოთა ეფექტიანი კოორდინაციისა და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ათეა განსაზღვრავს შემდგომ ამოცანებს:
ამოცანა 1: მუნიციპალიტეტებისთვის ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის და ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის საკითხებზე ინსტრუქციების შემუშავება
მიზანი 4. ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის გაუმჯობესება გენდერული თანასწორობის ადგილობრივი პოლიტიკის საკითხებზე
ერთიანი, საჭიროებებზე მორგებული და ეფექტიანი გენდერული პოლიტიკის განხორციელებისთვის ყველა დონეზე, ათეა მნიშვნელოვნად მიიჩნევს კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაძლიერებას ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის. ათეა, ასევე, მიიჩნევს, რომ ადგილობრივი გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება უნდა მოხდეს ამ თემებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით, ქალთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, რაც უფრო მეტად საჭიროებებზე მორგებულს და გამჭვირვალეს გახდის აღნიშნულ პოლიტიკას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ათეა განსაზღვრავს შემდგომ ამოცანებს:
ამოცანა 1: გენდერული თანასწორობის ადგილობრივი პოლიტიკის საკითხებზე მუნიციპალიტეტებსა და ცენტრალურ ხელისუფლებებს შორის კოორდინაციის გაძლიერება
ამოცანა 2: გენდერული თანასწორობის ადგილობრივი პოლიტიკის საკითხებზე მუნიციპალიტეტებსა და სამოქალაქოს საზოგადოების ორგანიზაციებს შორის კოორდინაციის გაძლიერება
სტრატეგიის განხორციელება და მონიტორინგი
სტრატეგიით დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად შემუშავდება დეტალური და რეალისტური სამოქმედო გეგმა. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელმძღვანელობასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელია ათეას გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც თავის მხრივ ანგარიშვალდებულია ათეა-ს გამგეობის წინაშე. სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგის შედეგად რეგულარულად მოხდება დასახულ ღონისძიებათა ქმედითობის შეფასება და სტრატეგიის გადახედვა/განახლება ახალი გარემოებების გათვალისწინებით.
[1] იხ. სტამბოლის კონვენცია, პრეამბულა.