საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ და CEMR-ში გენდერის ექსპერტმა - ნათია ღვინაშვილმა, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს -“CEMR” თანასწორობის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ, მსოფლიოში მიმდინარე 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში მოეწყო.
შეხვედრა, რომელიც პანდემიის გამო ონლაინ ფორმატში მოეწყო, ადგილობრივ ხელისუფლებაში არჩეული ქალების მიმართ შევიწროებისა და ძალადობის აღმოფხვრის შესახებ დისკუსიასა და აღნიშნული მიმართულებით, CEMR -ის წევრ მუნიციპალიტეტებს შორის, კარგი მაგალითების გაცვლას დაეთმო.
სხდომა, CEMR-ის თანასწორობის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ პრეზენტაციით გახსნა.
როგორც სილვია ბარალდიმ განმარტა, ირლანდიის ქალთა ეროვნული საბჭოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სექსუალური შევიწროება ან სექსუალური გადაცდომა არჩეულ ქალთა 35%-ს განუცდია, მიმდინარე პლატფორმა კი, სწორედ აღნიშნული გამოწვევების აღმოფხვრის გზებზე მსჯელობასა და სამომავლოდ პოლიტიკოს ქალთა საჭიროებებზე მორგებული სწორი მექანიზმების შემუშავებას შეუწყობს ხელს.
პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, სადაც ნათია ღვინაშვილმა, სხდომის მონაწილეებს კვლევის- „სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე საქართველოს საჯარო სამსახურში“ ანგარიშის ძირითადი მიგნებები გაუზიარა, რომელიც ათეას პარტნიორის- გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანია, რომელიც მთელს მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.
იხილეთ ფოტო გალერეა