• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ნათია ღვინაშვილი: ათეასა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების პლატფორმა უახლოეს მომავალში შეიქმნება

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, CEMR-ში ეროვნულმა კოორდინატორმა და ექსპერტმა, ასევე პროექტის - „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ კოორდინატორმა - ნათია ღვინაშვილმა, ადგილობრივი სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შედეგებზე, გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე მსჯელობას დაეთმო.

შეხვედრის პირველ ნაწილში, ნათია ღვინაშვილმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელთან, მარიამ ჯობავასთან ერთად, მონაწილეებს პროექტის-„გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის“ მიზნები გააცნო და პროექტის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მეორე ნაწილი კი, გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების დამხმარე სახელმძღვანელოს მნიშვნელობაზე საუბარს დაეთმო.

როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, წინა წლებისგან განსხვავებით, ათეას მიერ შემუშავებული გაიდლაინი საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტებს, რომ გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმები, უშუალოდ მათ მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების მიხედვით შეიმუშავონ.

მოწვეულმა სტუმრებმა ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევებიც განიხილეს და ძირითადი აქცენტები გენდერული პოლიტიკისა და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, სამოქალაქო სექტორის ჩართულობის, ასევე, გენდერულ ჭრილში კვლევების ჩატარებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობაზე გააკეთეს.

როგორც ნათია ღვინაშვილმა განმარტა, ღონისძიების ერთ-ერთ მიზანს, ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ათეას ერთობლივი პლატფორმის შექმნა წარმოადგენს, რომლის ამოცანაც, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული ურთიერთთანამშრომლობის გზით, გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება.

 ,,მიმაჩნია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის როლი და მათთან თანამშრომლობა. დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ ისეთი პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ქალთა საკითხებზე მომუშავე ყველა ადგილობრივი თუ რეგიონული ორგანიზაცია შეძლებს საკუთარი გამოცდილებისა თუ რეკომენდაციების ურთიერთგაზიარებას, ძალიან დაეხმარება ქართულ მუნიციპალიტეტებს და დადებითად აისახება თითოეულ მოქალაქეზე“, - განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.

მისივე თქმით, კოორდინაციის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების მიზნით, ათეა, 2022 წლიდან, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელ პირებთანაც გეგმავს შეხვედრას. პარალელურად კი, ადგილობრივი ხელისუფლების ახლად არჩეული ხელმძღვანელი პირებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთათვის, საინფორმაციო ხასიათის სემინარები და შეხვედრები განახლდება.

ღონისძიება, რომელიც ათეა-ს ინიციატივითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ონლაინ ფორმატში მოეწყო, აქტიური დისკუსიის რეჟიმში, 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

იხილეთ ფოტო გალერეა