საქართველოს მუნიციპალიტეტებში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), პროექტის - „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას განაგრძობს.
როგორც აღნიშნული პროექტის კოორდინატორმა და ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ - ნათია ღვინაშვილმა განმარტა, უთანასწორობის აღმოფხვრისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რუბრიკის შექმნა, რომელიც, იმ ქალთა ისტორიებს დაეთმობა, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა გენდერული უთანასწორობა.
„ჩვენი მიზანია, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ და მოტივაცია ავუმაღლოთ იმ ქალებსა და გოგოებს, რომლებსაც ეს განსაკუთრებით სჭირდებათ. შესაბამისად, რუბრიკის ფარგლებში მოვყვებით, სოფლად და არა მხოლოდ სოფლად მცხოვრები ქალების კონკრეტულ ისტორიებს, რომლებმაც დაამარცხეს შიშიც, ძალადობაც და დღეს ბევრი მათგანი წარმატებულ ქალად ითვლება.
ვფიქრობ, ამ რეალური ისტორიების მოსმენის შემდეგ, მსხვერპლი ქალები მეტად მოტივირებულად შეძლებენ საკუთარი უფლებების დაცვას“, - აღნიშნა ნათია ღვინაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ათეა-მ შეიმუშავა და დაამტკიცა ორგანიზაციის გენდერული თანასწორობისა და მეინსტრიმინგის სტრატეგია და ასევე, სტრატეგიის სამოქმედო გეგმა. დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად განისაზღვრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა საქართველოს მუნიციპალიტეტებში, რის ლოგიკურ გაგრძელებასაც „ისტორიები ქალებზე“ წარმოადგენს.
ორგანიზაცია, მუნიციპალიტეტებთან ერთად, ასევე აქტიურადაა ჩართული ყველა ღონისძიებაში, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით ხორციელდება.
პროექტს „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია“, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN WOMEN) თანამშრომლობით ახორციელებს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე ინიციატივის ,,კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს.