• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ნათია ღვინაშვილმა, ათეა-ს მიერ 2021 წლის განმავლობაში გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულi ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, CEMR-ში ეროვნულმა კოორდინატორმა და ექსპერტმა - ნათია ღვინაშვილმა, ათეა-ს მიერ 2021 წლის განმავლობაში გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამა.

კონფერენციას ,, გენდერული თანასწორობის პოლიტიკის პროგრესი ადგილობრივ დონეზე საქართველოში’’, რომელიც ონლაინ რეჟიმში წარიმართა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.

ნათია ღვინაშვილმა, ღონისძიების მონაწილეებს აღნიშნულ პროცესში ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევა, მხოლოდ ერთიანი და კოორდინირებული მუშაობითაა შესაძლებელი.

კონფერენციის მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში - ნიკო თათულაშვილმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილემ - თამარ საბედაშვილმა.

გამომსვლელებმა, როგორც საერთაშორისო ვალდებულებების ჭრილში, ასევე თვითმმართველი ერთეულების საჭიროებებზე მორგებული აქტივობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს აღნიშნული მიმართულებით არსებული პრობლემების დასაძლევად, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდეს.

ნათია ღვინაშვილმა შემაჯამებელი პრეზენტაცია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - ,,გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში გამართული ღონისძიებების მიმოხილვით დაიწყო და UN Women-თან ერთად შემუშავებული სარეკომენდაციო ხასიათის გენდერული თანასწორობის მუნიციპალურ გაიდლაინზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისივე განცხადებით, თვითმმართველ ერთეულებს საკუთარ მუნიციპალიტეტებზე მორგებული დოკუმენტის შექმნაში ეხმარება.

მისივე განცხადებით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ასევე ეწყობოდა თემატური ტრენინგები და სხვადასხვა სახის შეხვედრები, რომელთა აუდიტორიასაც, მუნიციპალიტეტების, ადგილობრივი სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები წარმოადგენდნენ.

ანგარიშში ასევე, ხაზი გაესვა ადვოკატირების პროცესს, რომლის ფარგლებშიც ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპული ქარტიას უკვე 21 ხელმომწერი მუნიციპალიტეტი ჰყავს.

2021 წელს, ასევე მნიშვნელოვანი იყო ასოციაციის ჩართულობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიაში.

როგორც ნათია ღვინაშვილმა განმარტა, ასოციაციამ, წევრი თვითმმართველი ერთეულებისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის დამხმარე ინსტრუქცია შეიმუშავა, რომელიც თვითმმართველობებს წელსაც განახლებული სახით მიეწოდათ.

მისივე თქმით, კამპანიის ფარგლებში ასოციაციის პორტალზე ყოველდღიურად იტვირთებოდა ძალადობის პრევენციის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებებისა და საქართველოში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციული, ასევე, ფოტო და ვიდეო მასალა.

აღსანიშნავია, რომ ამავე კამპანიის პერიოდში გაიმართა ღონისძიება, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის თანამშრომლობით, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

ნათია ღვინაშვილმა პროექტის პარალელურად, სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი პარტნიორების მიერ განხორციელებულ აქტივობებზეც ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას იმ პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებშიც ექსპერტის რანგში უწევდა ჩართულობა.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ღონისძიებაში იმ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ჩაერთნენ, რომლებმაც გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმა, სწორედ ათეა-ს გაიდლაინის დახმარებით შეიმუშავეს ან აღნიშნულ დოკუმენტზე ამ ეტაპზე მუშაობენ.

მოგვიანებით კი, შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, სადაც თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებმა საკუთარ მუნიციპალიტეტებში აღნიშნული მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს და კოლეგებს კარგი მაგალითები გაუზიარეს.

ღონისძიების შეჯამებისას ათეა-ს წარმომადგენელმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და როგორც სამთავრობო, ისე ადგილობრივ დონეზე კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.