• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ნათია ღვინაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით, გამართულ -გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების კონფერენციაში ჩაერთო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, CEMR-ში ეროვნული კოორდინატორი და ექსპერტი- ნათია ღვინაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით გამართულ - გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების კონფერენციაზე „გადადგი ნაბიჯი თანასწორობისკენ“ მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს.

ღონისძიება, რომლის მთავარ სადისკუსიო თემასაც, სექტორთშორისი თანამშრომლობა წარმოადგენდა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან - მზია გიორგობიანთან და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან -ნიკ ბერესფორდთან ერთად გახსნა.

ღონისძიების მისასალმებელი ნაწილის შემდეგ, შეხვედრა სამუშაო რეჟიმში გაგრძელდა, რომლის პირველ პანელურ დისკუსიაში -„თანამშრომლობა - ნაბიჯი თანასწორობისკენ“, ნათია ღვინაშვილი, მზია გიორგობიანთან, ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის თავმჯდომარესთან - ფატი ხალვაშთან, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთან - ხატია წილოსანთან და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის თემის“ ქალებისა და ეკომიგრანტების თემის ხელმძღვანელთან - ნესტან ანანიძესთან ერთად ჩაერთო.

ათეა-ს წარმომადგენელმა წევრ მუნიციპალიტეტებთან ორგანიზაციის თანამშრომლობისა და კოორდინაციის მექანიზმებზე, ასევე, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ორგანიზაციის როლსა და მისი მანდატის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება და იმ პრიორიტეტებს გაუსვა ხაზი, რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად, თვითმმართველობებში გენდერული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობას ემსახურება.

აღნიშნული კონფერენცია, გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნებისთვის, სექტორთაშორისი თანამშრომლობის მიმართულებასაც მოიცავდა, სადაც აჭარის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და რეგიონში არსებული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, საკუთარი ხედვები წარმოადგინეს და დამსწრე საზოგადოებასთან ერთად, აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე იმსჯელეს.

ბათუმში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა, ასევე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ახალგაზრდული ჯგუფები და მეწარმე ქალები იღებდნენ მონაწილეობას.

​გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების კონფერენცია, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მოეწყო.