• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

საზიანო პრაქტიკების პრევენციისა და ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგების ციკლი გრძელდება

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALAG) თანამშრომლობით, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ტრენინგების ციკლს განაგრძობს, რომელიც საზიანო პრაქტიკების პრევენციისა და ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით, ორ სამიზნე რეგიონში ხორციელდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების შემდეგ, სასწავლო სემინარი სამცხე-ჯავახეთის თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებისთვის მოეწყო, რომელშიც გენდერული თანასწორობის საბჭოებისა და ასევე, გენდერული თანასწორობისა და ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები იყვნენ ჩართულნი.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში (CEMR) ეროვნული კოორდინატორი - ნათია ღვინაშვილი უძღვებოდა, ბავშვთა და ადრეულ ქორწინებაზე, გენდერული ნიშნით ძალადობის ფორმებზე, კაცების ჩართულობასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და გადაჭრის მექანიზმებზე, ასევე, გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების სტანდარტებზე მსჯელობას დაეთმო.

სემინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა - ლელა ბაქრაძემ, რომელმაც პროექტის პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში მუნიციპალიტეტების, როგორც ხალხთან ყველაზე ახლოს მდგომი რგოლის, ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

დარგის ექსპერტებმა, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მდივანმა- ანა მაგრაქველიძემ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს წარმომადგენელმა - გულიკო მაჭარაშვილმა, სახალხო დამცველის მოადგილემ - ეკა სხილაძემ, გენდერის მკვლევარმა - გიორგი უჩუხიშვილმა და ახალგაზრდების განვითარების და ჩართულობის საკითხებში ექსპერტმა - ნინო გოგოლაძემ დამსწრე საზოგადოებას, ტრენინგის თემატიკის ირგვლივ არსებული უახლესი სტატისტიკა გააცნეს და ინფორმირებულობის გაზრდისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მონაცემების გაზიარების მიზნით, პრეზენტაციები წარადგინეს, რის შემდეგაც შეხვედრამ დისკუსიის ფორმატში გადაინაცვლა.

სემინარის მეორე დღეს კი, ათეა-ს წარმომადგენელმა, გუნდური სამუშაო სესია მოაწყო, სადაც მონაწილეებმა აღნიშნული მიმართულებებით, მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ექსპერტებთან ერთად, მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრა ტრენინგების ორგანიზატორებმა, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ - ნათია ღვინაშვილმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელმა - მარიკა ქურდაძემ შეაჯამეს და დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციების სამომავლო თანამშრომლობის მიზნები გააცნეს.

აღსანიშნავია, რომ სამიზნე რეგიონებში გამართული სასწავლო სემინარები, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროსა და ევროსაბჭოს პროგრამების ,, გენდერული თანასწორობისთვის“ და ,,გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში გაიმართა.

 

ფოტო გალერეა