• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ათეა თვითმმართველობებში გენდერული მეინსტრიმინგის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, ტრენინგების სერიას განაგრძობს

თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) ტრენინგების სერიას განაგრძობს.

პროექტის - „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში გამართული სასწავლო კურსი, რომელსაც ათეა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს, კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა და ონლაინ რეჟიმის ნაცვლად ღია სივრცეში გაიმართა.

ტრენინგი, რომელშიც ორგანიზაციის აღმასრულებელი და გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ათეა-ს აპარატის თანამშრომლები იღებენ მონაწილეობას, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ და აღნიშნული პროექტის კოორდინატორმა - ნათია ღვინაშვილმა გახსნა.

,,ვიმედოვნებ, რომ სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, ორგანიზაციაში შექმნილი გენდერული პლატფორმა კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინირებულ მუშაობას და თვითმმართველობის ორგანოებსა და ეროვნულ ხელისუფლებას შორის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას“, - აღნიშნა ნათია ღვინაშვილმა.

დამსწრე საზოგადოებას, ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაეროს ქალთა ორგანიზაციიის წარმომადგენლებმა-თამარ ვაშაკიძემ და მარი ჯობავამ, ასევე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა - ნიკოლოზ როსებაშვილმა.

სამდღიანი ტრენინგის პირველი დღე პროექტის პრეზენტაციას დაეთმო, რომელიც ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ წარმოადგინა. ნათია ღვინაშვილმა პროექტის მიზნებსა და სწავლების ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობებზე დეტალურად ისაუბრა და ტრენინგების დასრულების შემდეგ მიღწეული მოსალოდნელი შედეგები მიმოიხილა.

მისი განმარტებით, პროექტი სამ ძირითად კომპონენტს, კერძოდ, ათეა-ში გენდერული თანასწორობის პლატფორმის გაძლიერებასა და ათეა-ს გენდერული თანასწორობის სტრატეგიის შექმნას, საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების სახელმძღვანელო გაიდლაინების შემუშავებას, ასევე, „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპულ ქარტიასთან“ მათი მიერთების ადვოკატირებას მოიცავს.

ტრენინგის მსვლელობისას, შეხვედრის მონაწილეები ჯგუფურ მუშაობაში და დისკუსიებში ჩაერთვებიან, რის შემდეგაც შემუშავდება ათეა-ს გენდერული თანასწორობის სტრატეგია.

პროექტი „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია", რომელიც საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტს მოიცავს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე ინიციატივის ,,კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს.

ფოტო-გალერეა