საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიაში ჩაერთო.
ათეა, როგორც თვითმმართველი ერთეულების ქოლგა ორგანიზაცია, წევრ მუნიციპალიტეტებს, წინა წლების მსგავსად, ისეთი აქტივობების განხორციელებისკენ მოუწოდებს, რომელთა შესრულებაც ქალთა მიმართ ძალადობის ბრძოლის სფეროში არსებულ გამოწვევებს უპასუხებს.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, CEMR-ში ეროვნული კოორდინატორისა და ექსპერტის, ასევე პროექტის - „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ კოორდინატორის - ნათია ღვინაშვილის განცხადებით, აღნიშნული კამპანიის ხელშეწყობის მიზნით, ათეა თვითმმართველ ერთეულებს, კვლავ სთავაზობს დამხმარე ინსტრუქციას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავდა და ძალადობის პრევენციის მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებსა და საქართველოში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციულ, ასევე, ფოტო და ვიდეო მასალას მოიცავს.
აღნიშნულ პროცესში წელსაც აქტიურად იქნება ჩართული ათეა-ს მედიაქსელი, სადაც პროაქტიულ რეჟიმში გაშუქდება მუნიციპალიტეტების აქტივობები და ხელმძღვანელი პირების ინტერვიუები.
აღსანიშნავია, რომ დღეიდან ათეას ვებ-გვერდზე დაიწყება ონლაინ კამპანია, რომლის დროსაც ორგანიზაციის თემატურ აქტივობებთან ერთად, პორტალზე ყოველდღიურად განთავსდება ნარატიული ინფორმაცია ძალადობის ფორმებისა და სახეების თაობაზე.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია, რომელიც მთელს მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.
კამპანიის პერიოდში, უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღე (29 ნოემბერი), შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე (1 დეკემბერი), მოხალისეთა საერთაშორისო დღე (5დეკემბერი) და მონრეალში მომხდარი ტრაგედიის ხსოვნის დღე (6 დეკემბერი) აღინიშნება.