საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების მიზნით გატარებული ღონისძიებების წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
ფართომასშტაბიან ღონისძიებაში, რომელსაც ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, CEMR-ში ეროვნული კოორდინატორი და ექსპერტი-ნათია ღვინაშვილი უწევდა ფასილიტაციას, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
ნათია ღვინაშვილთან ერთად, შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში – ნიკო თათულაშვილმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა – თამარ ვაშაკიძემ.
გამომსვლელებმა მდგრადი განვითარების მე-5 მიზნის მისაღწევად, ბოლო წლებში საქართველოში გატარებული რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობაში, ათეას მნიშვნელოვან როლზე გაამახვილეს ყურადღება.
პირველი სესიის შემდეგ, კონფერენციის მონაწილეებმა, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობის დადგენილებებით დამტკიცებულ ორ დოკუმენტზე, კერძოდ კი, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების, ასევე, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2022-24 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია, რომელიც დამსწრე საზოგადოებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა - მაკა ფერაძემ, პრეზენტაციის სახით წარუდგინა.
შეხვედრის ძირითადი ნაწილი გენდერული თანასწორობის ადგილობრივი სამოქმედო გეგმების თვალსაზრისით არსებული გამოწვევების განხილვასა და ასევე, აღნიშნული მიმართულებით მიღწეული პროგრესის შეფასებას დაეთმო.
საკითხის წარდგენისას, ნათია ღვინაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სარეკომენდაციო ხასიათის გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების სახელმძღვანელოსა და მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა და განხორციელების მნიშვნელობას.
„წინა წლებისგან განსხვავებით, გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და დამტკიცების პროცესი, მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში მულტისექტორული და მონაწილეობითი პრინციპის დაცვით განხორციელდა. აღნიშნულით მათ უპასუხეს თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, შეფასებისა და მონიტორინგის სახელმძღვანელოთი გათვალისწინებულ ერთ-ერთ უმთავრეს რეკომენდაციას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობის ჩართულობით შევიმუშავეთ. დღეის მდგომარეობით, გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა 44 მუნიციპალიტეტშია დამტკიცებული. ამასთან საგულისხმოა, რომ კიდევ 9 მუნიციპალიტეტში იგივე პროცესი ფინალურ ეტაპზეა და იმედს ვიტოვებთ, რომ დეკემბრის ბოლოსთვის მათაც ექნებათ ეფექტიანი და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის დოკუმენტები. შესაბამისად, უნდა აღინიშნოს, რომ არაერთი გამოწვევის მიუხედავად, 2022 წლის დასასრულს, საქართველოს მუნიციპალიტეტების 82.8 % გენდერული თანასწორობის ადგილობრივ პოლიტიკას შესაბამისი დოკუმენტებით გაამყარებს.
ხოლო, იმ 11 მუნიციპალიტეტთან, რომლებიც დღეის მდგომარეობით სხვადასხვა მიზეზის გამო კვლავ რჩებიან გამოწვევების წინაშე და სჭირდებათ დახმარება, ერთის მხრივ, კიდევ მოვუწოდებ, რომ ისარგებლონ ზემოთ აღნიშნული გაიდლაინით და მეორეს მხრივ, გამოვხატავ სრულ მზადყოფნას, მათთვის დამატებითი საკონსულტაციო თუ საექსპერტო მხარდაჭერის თვალსაზრისითაც“-განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.
ათეას მხარდაჭერაზე, ასოციაციის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ტრენინგებისა და სემინარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებმაც და კოლეგებსა და ღონისძიების სხვა მონაწილეებს საკუთარ თვითმმართველ ერთეულებში განხორციელებული კარგი მაგალითები გაუზიარეს.
შეხვედრის მეორე ნაწილი კი, ადგილობრივი პოლიტიკის დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში, მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალებისა და გოგოების ჩართულობის საკითხებზე მსჯელობას დათმო.
დამსწრე საზოგადოება, აღნიშნული მიმართულებით, ბოლნისის, ზუგდიდისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის კვლევას გაეცნო, რომელიც შეხვედრის მონაწილეებს ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ექსპერტმა - ელენე რუსეცკიმ პრეზენტაციის სახით წარუდგინა.
დისკუსიის ფორმატში გამართული შეხვედრა, რომელშიც 130- მდე ადამიანი იყო ჩართული, ათეასა და UN Women-ის წარმომადგენლებმა შეაჯამეს.
ნათია ღვინაშვილმა და მარიამ ჯობავამ ღონისძიებაზე გამოკვეთილი საკითხების, მათ შორის, მუნიციპალიტეტებში გენდერული ბიუჯეტირებისა და გადაწყვეტილების პროცესში ქალების ჩართულობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის მიზნებსა და ინტერმუნიციპალური კოორდინაციის გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება.
პროექტი „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია" ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე ინიციატივის ,,კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, რომელსაც ათეა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ახორციელებს.
ფოტო გალერეა