• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ათეა-ს წევრი მუნიციპალიტეტები გენდერული თანასწორობის კვირეულს უერთდებიან

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წევრი მუნიციპალიტეტები გენდერული თანასწორობის კვირეულს უერთდებიან, რომელიც 8 მარტს- ქალთა საერთაშორისო დღეს დაიწყო.

პანდემიის მიუხედავად, თვითმმართველობების პირველი პირები და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვნენ აღნიშნულ კამპანიაში და მოსახლეობისთვის ცნობიერების ამაღლების მიზნით, თემატური ღონისძიებები დაგეგმეს.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ - მარიკა დარჩიამ სხვადასხვა პროფესიის ქალებთან გამართა შეხვედრები, თითოეულ მათგანს ყვავილები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და აღნიშნულ კამპანიასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

ასევე, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა ბათუმის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის - ნატალია ზოიძის ინიციატივით, ჩატარდა მოწყვლად ჯგუფებთან შეხვედრები და აღნიშნული კამპანიის შესახებ დარიგდა ინფორმაციული ბუკლეტები. გაიმართა გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა, გავრცელდა ვიდეომიმართვა და მოეწყო პერფორმანსი - გზავნილები საზოგადოებას.

მცხეთის მუნიციპალიტეტში კი, აღნიშნული კვირეულის ფარგლებში ტრენინგი თემაზე - ,,ქალი, ოჯახი, საზოგადოება“ გაიმართა, რომლის მიზანსაც ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორობის საბჭოს გაძლიერება და საზოგადოების, ინფორმირება წარმოადგენდა. ასევე, მედიცინის სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით მომზადდა ვიდეომიმართვა - ,,ქალები კოვიდ ომში“.

გენდერული თანასწორობის კვირეულის ფარგლებში აქტიურად ჩაერთო ქობულეთის მუნიციპალიტეტიც. საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის - ლია შაქარაშვილის ინიციატივით, შეხვედრები გაიმართა მე-5 საჯარო სკოლასა და პირველ საბავშვო ბაღში, სადაც საკრებულოს წევრმა, პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას ქალთა უფლებებსა და აღნიშნული მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

აღნიშნულ მუნიციპალიტეტებთან ერთად, კამპანიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან ჩართულნი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და გენდერული თანასწორობის საბჭოების წარმომადგენლები.

როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს თვითმმართველი ერთეულების სოციალურ ქსელში ვრცელდება თემატური მიმართვები და სლოგანები, ასევე მოწყვლად ჯგუფებთან იმართება შეხვედრები და ონლაინ ტრენინგები.

აღსანიშნავია, რომ გენდერული თანასწორობის 2021 წლის კამპანიის მთავარ თემას „ქალთა ლიდერობა: თანასწორი მომავლის მიღწევა COVID-19-ის სამყაროში“ წარმოადგენს.