საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა დაცვაში მუნიციპალიტეტის როლის გაზრდის სტრატეგიის პირველადი ვერსია შეიმუშავა.
დოკუმენტი, რომელიც 2023-2025 წლებს მოიცავს, წარმოადგენს ათეას განაცხადს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლის გაზრდის შესახებ. სტრატეგია ემყარება ევროპულ ქარტიას -"ქალაქებში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ" და მისი ამოცანაა წარმართოს ათეას მუშაობა მის წევრ მუნიციპალიტეტებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს მუნიციპალური მართვის მორგება ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან.
აღსანიშნავია, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების პროცესში. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა მიიღეს უფლებამოსილებები ცალკეული ჯგუფების უფლებების დაცვისა და სოციალური მომსახურების ორგანიზების სფეროში. თვითმმართველი ერთეულები, ასევე აქტიურად მუშაობენ დისკრიმინაციის აღმოფხვრის, გენდერული თანასწორობის, ბავშვთა დაცვისა და შეზღუდული შესაძლებლობის პირების უფლებების დაცვის მიმართულებით. შესაბამისად, ამ სტრატეგიის მიზანია მუნიციპალიტეტების საქმიანობა მოაქციოს ერთიან სისტემაში და გახადოს ის შესაბამისი საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან, ასევე უზრუნველყოს ინსტიტუციური დიალოგი მუნიციპალიტეტებსა და სახალხო დამცველს შორის.
კერძოდ, სტრატეგიის მიზანია მუნიციპალიტეტების ცოდნის გაღრმავება და პრინციპების გაზიარება ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ადამიანის უფლებათა დაცვა ადგილობრივ დონეზე და ევროპული ქარტია "ქალაქებში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ". ასევე, ასოციაცია იმუშავებს წევრ მუნიციპალიტეტებთან, რათა ადგილობრივ დონეზე შეიქმნას ან განახლდეს ანტიდისკრიმინაციული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მუნიციპალური მმართველობის პოლიტიკა.
დოკუმენტის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას, აგრეთვე ადგილობრივი ბიუჯეტის გენდერული ბიუჯეტირების მეთოდით დაგეგმვა წარმოადგენს. მიზნის მისაღწევად, ასოციაცია იმუშავებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, რათა ადგილობრივი ბიუჯეტების შედგენის მეთოდოლოგიაში შევიდეს გენდერული ბიუჯეტირების ცნება, რაც ადგილობრივ ბიუჯეტში მნიშვნელოვნად გაზრდის იმ ხარჯების წილს, რომელიც ამ მიდგომის გამოყენებითაა დაგეგმილი. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ამოცანის შესასრულებლად ასოციაცია კვლავ აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა შესწავლილ და გაანალიზებულ იქნას საერთაშორისო გამოცდილება და სწორედ ამ საფუძველზე მომზადდეს ცვლილებები პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიაში.
სტრატეგიის მიხედვით, ათეამ, ასევე უნდა უზრუნველყოს ინსტიტუციური დიალოგი მუნიციპალიტეტებსა და სახალხო დამცველს შორის, რათა ანგარიში, რომელსაც ომბუდსმენი გამოაქვეყნებს დაფუძნებული იყოს მოსაზრებათა სრულ სპექტრზე.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციას აქვს შესაბამისი ინსტიტუციური მოწყობა და საექსპერტო რესურსები, რათა აქტიური დახმარება გაუწიოს წევრ მუნიციპალიტეტებს ადამიანის უფლებათა დაცვის ლოკალიზაციის პროცესში.