• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ნათია ღვინაშვილი CEMR-ში ათეა-ს ეგიდით გენდერის ექსპერტის რანგში იმუშავებს

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ნათია ღვინაშვილი, დღეიდან ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში (CEMR) გენდერის ექსპერტის რანგში იმუშავებს.

ათეა-ს წარმომადგენელი, რომელიც საქართველოდან აღნიშნულ საბჭოში ასოციაციის (NALAG) ეგიდით გააგრძელებს საქმიანობას, სხდომის მონაწილეებს (CEMR) თანასწორობის მუდმივი კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის საექსპერტო ჯგუფის თავმჯდომარემ - სილვია ბარალდიმ წარუდგინა.

ნათია ღვინაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ კიდევ უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ორგანიზაციის პრიორიტეტებზე, მათ შორის გენდერული თანასწორობისა და მეინსტრიმნიგის საკითხებზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეებს, ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში, ასოციაციის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებებზე მიაწოდა ინფორმაცია.

მანვე, დეტალურად ისაუბრა ორგანიზაციის გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის სტრატეგიის შესახებაც და დოკუმენტის ძირითად მიზნებსა და ამოცანებზე გაამახვილა ყურადღება.

,,ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წევრ მუნიციპალიტეტებში „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ ევროპული ქარტიის“ ადვოკატირება წარმოადგენს, რაც ვფიქრობ, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობისა და მეინსტრიმინგის განხორციელებას. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხელშეწყობით, ამ მოკლე დროში, აღნიშნულ ქარტიას კიდევ 14 მუნიციპალიტეტი შეურთდა და მალე მათ რიცხვს კიდევ რამდენიმე თვითმმართველი ერთეული შეემატება“, - განაცხადა საქართველოს წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ათეა-ს სტრატეგია გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დანერგვისა და ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობასა და გენდერული თანასწორობის ადგილობრივი პოლიტიკის საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას, ასევე, მუნიციპალური გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელო/ინსტრუქციის დანერგვას ისახავს მიზნად.

CEMR -ის თანასწორობის მუდმივი კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის საექსპერტო ჯგუფის ონლაინ შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი პოლონეთში, ევროპული ქარტიის თანასწორობის შესახებ მსჯელობასა და აღნიშნული მიმართულებით, ქვეყანაში არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ექსპერტების მიერ გამოთქმული წინადადებებისა და ინიციატივების განხილვას დაეთმო.

შეხვედრაზე, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს წევრთა ასამბლეებისა და თვითმმართველობების შემადგენლობების კვლევის წინასწარი შედეგების პრეზენტაციაც მოეწყო, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დისკუსიის შემდეგ კი, CEMR-ის სამდივნომ ქარტიის საიუბილეო საქმიანობის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ ინიციატივა გააჟღერა.

აღსანიშნავია, რომ ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო (CEMR), რომელშიც ათეა 2010 წლიდანაა გაწევრიანებული, უძველესი და ფართომასშტაბიანი რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ევროპული ასოციაციაა და ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც 41 ევროპული ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებს აერთიანებს.