• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

გიორგი ტყემალაძე: ,,დღევანდელი კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა ვიმსჯელოთ იმ გამოწვევებზე და დაძლევის გზებზე, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობები გენდერული თანასწორობის მიმართულებით აწყდებიან“

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, ეროვნულ კონფერენციაში, “გენდერული თანასწორობის დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“ მიიღო მონაწილეობა.

ფართომასშტაბიანი ღონისძიება, რომელსაც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ათეას​ ვიცე - პრეზიდენტმა გახსნა.

გიორგი ტყემალაძემ, გენდერული თანასწორობის მიმართულებით, მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში, ათეას ჩართულობასა და ასოციაციის მიერ განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზეა ორიენტირებული.

მან, ასევე თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა პროექტის პარტნიორებს, ქალთა ორგანიზაციას და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს.

,,მნიშვნელოვანია პროექტის მიზანი - დაეხმაროს მუნიციპალიტეტებს ინსტიტუციური მექანიზმების განვითარებაში, იმისთვის, რომ ადგილზე გააუმჯობესონ გენდერული თანასწორობის გარემო. პროექტი, ასევე ეხმარება განახლებადი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობების როლის გააზრებაში და ადგილზე გენდერული თანასწორობის ეროვნული დღის წესრიგის განხორციელებაში, რომელიც საერთაშორისო ვალდებულებებიდანაც გამომდინარეობს.

აღსანიშნავია ასოციაციის მნიშვნელოვანი წვლილი მუნიციპალიტეტების მიერ ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების და ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების მხრივ“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ და აღნიშნა, რომ ასოციაციის ჩართულობით, 49 მუნიციპალიტეტს, უკვე შემუშავებული აქვს გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა.

ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, სიტყვით გამოსვლისას, ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ ევროპული ქარტიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზეც ისაუბრა.

გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ათეას შუამდგომლობით, დოკუმენტს 21-მა მუნიციპალიტეტმა მოაწერა ხელი, დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში კი, ქარტიას, კიდევ 5 თვითმმართველი ერთეული შეუერთდება.

,,აღნიშნული პროცესი არის კიდევ ერთხელ დეკლარირება მუნიციპალიტეტების ერთგულებისა ადგილობრივი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისადმი, გენდერული თანასწორობის პრინციპების განხორციელებისა და ამ პრინციპების ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებისადმი“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ და იმედი გამოთქვა, რომ მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებული პროგრამები, კიდევ უფრო განვითარდება.

,,დღევანდელი კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა ვიმსჯელოთ იმ გამოწვევებზე და დაძლევის გზებზე, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობები აწყდებიან ამ პროცესში. ასოციაციის მიზანია თანამშრომლობის კოორდინაცია და გაღრმავება შესაბამის უწყებებთან, რაც მუნიციპალიტეტებს დაეხმარება ასეთი გამოწვევების დაძლევაში. დღეს ხელი მოეწერება ურთიერთთანამშორმლობის მემორანდუმს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან, რაც ასევე მნიშვნელოვანია აღნიშნული პროცესის მხარდასაჭერად. ვფიქრობ, ადგილობრივი დღის წესრიგის განსახორციელებლად, პროექტის ფარგლებში ასოციაცია გააგრძელებს მუნიციპალიტეტებთან ნაყოფიერ თანამშრომლობას“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

ეროვნული კონფერენცია, რომელიც პროექტის "ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში" ფარგლებში მოეწყო, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

 

ფოტო გალერეა