ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და შესრულების ხელშეწყობის მიზნით, ათეას წევრი მუნიციპალიტეტებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ონლაინ ღონისძიება, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით მოეწყო, გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შესრულებისა და გენდერული თანასწორობის ინდიკატორების შესახებ მსჯელობას დაეთმო.
სამუშაო შეხვედრის ამოცანებს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების და მონიტორინგის პრაქტიკის გაზიარება, ასევე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის დაგეგმილი აქტივობების მიმოხილვა და გენდერული თანასწორობის ინდიკატორების სიის სამუშაო ვერსიაზე მსჯელობა წარმოადგენდა.
შეხვედრა პროექტის ,, ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ანალიტიკოსმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარიამ ჯობავამ და პროექტის წამყვანმა კონსულტანტმა ათეადან, თამარ ფრანგიშვილმა გახსნეს.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა გაცნობოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შესრულების საკითხებს, რომელიც კოლეგებს, ქალაქ ზუგდიდის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის, სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსმა, გოგი რევიამ წარუდგინა.
თამარ ფრანგიშვილმა, კი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის დაგეგმილი აქტივობები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ პროექტი, რომელიც 2024-2026 წლებში განხორციელდება სხვა მიზნებთან ერთად, მოიცავს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებას ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის ევროპული ქარტიის, ასევე, გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების მონიტორინგისა და შეფასების საკითხებში. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სექსუალური შევიწროების მექანიზმის დანერგვა მუნიციპალიტეტებში და ასევე გენდერული ინდიკატორების შემოღება, რაც გაამარტივებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესს.
„გარდა პროექტით გათვალისწინებული აქტივობებისა, რომელიც აქამდე იდენტიფიცირებული საჭიროებების შესაბამისად იქნა შეთავაზებული, ასოციაცია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, მზად არის ტექნიკური დახმარება გაუწიოს მუნიციპალიტეტებს სამოქმედო გეგმების შემუშავებისა თუ განახლების პროცესში, ასევე, მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხში“.
შეხვედრის დასასრულს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა, დაკო ბახტურიძემ, მუნიციპალიტეტებისთვის გენდერული თანასწორობის ინდიკატორების სიის სამუშაო ვერსია წარმოადგინა და დეტალურად ისაუბრა ნუსხის სტრუქტურასა და მონაცემების წყაროებზე. ასევე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად დაზუსტდა გენდერულ ინდიკატორებთან დაკავშირებული გარკვეული დეტალები.
შეხვედრა, რომელიც 2 საათს გაგრძელდა, დისკუსიის ფორმატს მოიცავდა.
ფოტო გალერეა