საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ ათეას გენდერული თანასწორობის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
აღსანიშნავია, რომ რიგით XLVI სხდომა პროექტის "ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში", ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ასოციაცია გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.
აღნიშნული დოკუმენტი აღმასრულებელი საბჭოს წევრებს, პროექტის წამყვანმა კონსულტანტმა, თამარ ფრანგიშვილმა წარუდგინა.
თამარ ფრანგიშვილის განცხადებით, ასოციაციის გენდერული თანასწორობის, 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს, როგორც ათეა-ს ინსტიტუციურ გაძლიერებას გენდერული თანასწორობის მიმართულებით, ისე, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებაში.
მისივე განმარტებით, გეგმით გათვალისწინებული აქტივობები მოიცავს მომდევნო წლებში მუნიციპალიტეტების მიერ გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების მონიტორინგისა და შესრულების ინსტრუმენტის, სექსუალური შევიწროების მექანიზმის დანერგვას და ქალთა და კაცთა თანასწორობის ევროპული ქარტიის ადვოკატირებას. აქტივობები ასევე გულისხმობს გადამზადების სესიების ორგანიზებას მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის.
დღევანდელ სხდომაზე, საბჭოს წევრებმა ასოციაციის მესამე ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურისა და ათეას აღმასრულებელი დირექტორის დამტკიცების შესახებაც იმსჯელეს.
სხდომის წევრების გადაწყვეტილებით, ათეას მესამე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის თავმჯდომარე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე დაიკავებს.
დამსწრე საზოგადოებამ, ასევე ერთხმად დაუჭირა მხარი, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, შავი ზღვის რეგიონიდან ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტის, დედაქალაქის საკრებულოს წევრის, ნინო რუხაძის კანდიდატურას.
თამარ ფრანგიშვილმა, ქალბატონებს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და დღევანდელ სხდომზე ლიდერ პოზიციებზე ქალი კანდიდატების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სხდომას, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა, ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები, ლაშა არჩვაძე და ტატიანა ბოკუჩავა, ასევე პროექტის ადგილობრივი კონსულტანტები და ასოციაციის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ფოტო გალერეა