• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

დასავლეთ საქართველოდან თანასწორობის ევროპულ ქარტიაზე ხელმომწერი მუნიციპალიტეტებისთვის სემინარი გაიმართა 

ადგილობრივ დონეზე თანასწორობის ევროპული ქარტიით აღებული ვალდებულებების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის  ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ათეა განაგრძობს ტრენინგებს, რომლებიც ორიენტირებულია მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

18-19 ივლისს, ჩაქვში ათეა-ს ორგანიზებით,  გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, ორდღიანი სემინარი გაიმართა და მასში დასავლეთ საქართველოდან „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის ევროპულ ქარტიაზე“ ხელმომწერი მუნიციპალიტეტების  - ხობის, სენაკის, ცაგერის, წყალტუბოს, ფოთის  ზუგდიდის,  ზესტაფონისა და ჩოხატაურის, ასევე სამტრედიის, ბაღდათის, ქუთაისის, ოზურგეთის, ამბროლაურისა და ონის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


ტრენინგი, რომელიც ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ლაშა არჩვაძემ და პროექტის ,,ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ წამყვანმა კონსულტანტმა, თამარ ფრანგიშვილმა გახსნეს, განახლებული ევროპული ქარტიისა და თანასწორობის გეგმის თემატური მიმართულებების დეტალურ გაცნობას დაეთმო.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო კურსი ჯგუფური სამუშაოებისა და დისკუსიის ფორმატსაც მოიცავდა, სადაც მონაწილეებმა ევროპული ქარტიის შესრულების მონიტორინგის მიმართულებით მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებები მიმოიხილეს და  გენდერული თანასწორობის საკითხებში ექსპერტთან -  მამუკა გაჩეჩილაძესთან ერთად გამოწვევების დაძლევის გზებზე იმსჯელეს. ტრენინგის ფარგლებში მუნიციპალიტეტების წარმომადგნლებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს.

სემინარი  პროექტის ,,ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ანალიტიკოსმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარიკა ჯობავამ, თამარ ფრანგიშვილთან ერთად შეაჯამა და  ​მონაწილეებს სამომავლო გეგმები გააცნო. 

ტრენინგი  ათეა-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის ,,ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა. ანალოგიური ღონისძიება აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვისაც მოეწყო,  რომელშიც ქარტიაზე ხელმომწერი 10 თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.