• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

გენდერული თანასწორობის კვირეული დასრულდა

გენდერული თანასწორობის კვირეულში, რომელიც დღეს დასრულდა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის 64-ვე წევრი მუნიციპალიტეტი აქტიურად იყო ჩართული.

როგორც ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, CEMR -ში გენდერის ექსპერტმა და პროექტის -„გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ კოორდინატორმა - ნათია ღვინაშვილმა აღნიშნა, პანდემიის ფონზე მუნიციპალიტეტების ასეთი აქტიურობა ხაზს უსვამს მათ მზაობასა და შემართებას, რომ ადგილობრივი გენდერული პოლიტიკა კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელდეს.

,,მოგეხსენებათ, ათეა-ში ფუნქციონირებს ორგანიზაციის მედია ქსელი, რომელიც ასოციაციამ, პროექტის - „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით შექმნა. ასევე, სრულდება ასოციაციის გენდერული თანასწორობის ვებ-პორტალზე მუშაობა, რომელსაც გენდერული თანასწორობისა და მეინსტრიმინგის საკოორდინაციო პლატფორმის დატვირთვა ექნება. აღნიშნული სივრცე აღიჭურვება ყველა იმ საჭირო ფუნქციონალით, რომელთა მეშვეობითაც, იგი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის საკოორდინაციო ინსტრუმენტის ფუნქციასაც შეითავსებს“-განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტები გენდერული თანასწორობის კვირეულის შემდეგაც აქტიურად განაგრძობენ სხვადასხვა ღონისძიებებს.

მათ შორის, თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონულ გამგეობებში, შეხვედრები მიმდინარეობს, სადაც ქალთა უფლებებზე, არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე მსჯელობენ. ასევე, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა ხანდაზმულთა პანსიონატში მცხოვრები ქალებისთვისაც. მიმდინარე წლის მარტის ბოლოდან კი, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, დაგეგმილია ტრენინგები გენდერული თანასწორობის მიმართულებით, რომლებშიც თბილისის მერიის გადაწყვეტილების მიმღები პირები, აგრეთვე საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. აქტივობების მიზანს ცენტრალური ხელისუფლების რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესასრულებლად ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ხელშემწყობი პოლიტიკის შემუშავება წარმოადგენს.

აქტიური კამპანია მიმდინარეობს თბილისის საკრებულოს ინიციატივითაც, რომელიც სხვადასხვა პროფესიისა და ეროვნების ქალების წარმოჩენას ისახავს მიზნად და მომავალშიც გაგრძელდება.

გენდერულ კვირეულში, თბილისის მსგავსად, ასევე, აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და გენდერული თანასწორობის საბჭოების წარმომადგენლები. თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელმა პირებმა, რეგიონული საავადმყოფოებისა და პოლიკლინიკების მედ-პერსონალთან, დასუფთავების სამსახურების წარმომადგენლებთან, პედაგოგებთან და სხვა პროფესიის ქალებთან შეხვედრები გამართეს, რომელთა დროსაც, მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ და აღნიშნულ კამპანიასთან დაკავშირებით მიეწოდათ ინფორმაცია.

მუნიციპალიტეტების ინიციატივით, იმართებოდა შეხვედრები და ონალინ ტრენინგები სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის. სოციალურ ქსელში კი, მუდმივად ვრცელდებოდა თემატური ხასიათის მიმართვები და სლოგანები.

სხვადასხვა ღონისძიებები განხორციელდა და გრძელდება ბათუმის მუნიციპალიტეტშიც, კერძოდ, ჩატარდა გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა და გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის ქალებთან, მოეწყო პერფორმანსი - „გზავნილები საზოგადოებას“. დღემდე ვრცელდება ინფორმაციული ბუკლეტები და ვიდეო-მიმართვები აღნიშნული კამპანიის შესახებ.

ონალინ შეხვედრა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტშიც გაიმართა, რომლის ძირითად თემას ქალთა უფლებების დაცვა და აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფო სერვისების გაცნობა, ასევე, წარმატებული ქალების ისტორიების წარდგენა და გამოწვევების აღმოფხვრაზე მსჯელობა წარმოადგენდა. ინფორმაცია, გენდერული კვირეულისა და თემატიკის მნიშვნელობაზე, აგრეთვე ტელე-ეთერის საშუალებით, რეგიონულ მედიაშიც გარცელდა.

ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტის პირველი პირები კი, “ქალთა ოთახთან“ არსებული „გამარჯვებული ქალთა კლუბის“ წევრებს შეხვდნენ და იმ პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებსაც აღნიშნული კლუბი ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ახორციელებს. კერძოდ, შეხვედრის მონაწილეებმა მიზნობრივი სამედიცინო კვლევების დაფინანსებაზე, სპეციალური ფიზიკური ვარჯიშების ორგანიზებაზე, ფსიქოლოგიურ მომსახურებასა და სხვა სერვისებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ „გამარჯვებული ქალთა კლუბი“ იმ ქალებს აერთიანებს, რომლებაც თავის დროზე ონკოლოგიური დაავადებები დაამარცხეს დადღეს, ამავე მიმართულებით, სხვა ქალებს უწევენ დახმარებას.

ქალთა შრომითი უფლებების შესახებ იმსჯელეს და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე შეთანხმდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც თვითმმართველი ერთეულის ხელმძღვანელი პირები და ასოციაციის -„ქალები რეგიონების განვითარებისთვის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, შრომითი უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგიც ჩატარდა, რომლის მთავარ თემასაც, ზეგანაკვეთური და არასრული სამუშაო განაკვეთი, შვებულება, სტაჟირება, დისკრიმინაცია და შრომითი ინსპექტირება წარმოადგენდა.

მცხეთის მუნიციპალიტეტში, აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, ტრენინგი თემაზე - ,,ქალი, ოჯახი, საზოგადოება“ მოეწყო, რომლის მიზანსაც ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორობის საბჭოს გაძლიერება და საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა. ასევე, მედიცინის სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით მომზადდა ვიდეომიმართვა - ,,ქალები კოვიდ ომში“.

ყვარლის თემთა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა კი, ახლად გახსნილი, გრემის მოხუცთა სახლის ბენეფიციარები მოინახულეს და მათ, ადამიანის უფლებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ გენდერული თანასწორობის 2021 წლის კამპანიის მთავარ თემას „ქალთა ლიდერობა: თანასწორი მომავლის მიღწევა COVID-19-ის სამყაროში“ წარმოადგენდა.

როგორც ათეა-ს წევრი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები აცხადებენ, გენდერული თანასწორობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები მომავალშიც პერმანენტული ხასიათის იქნება.