28 დეკემბერს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, ორგანიზაციის მიერ გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად განხორციელებული ღონისძიებების 2020 წლის შემაჯამებელ ონლაინ კონფერენციას მართავს.
შეხვედრას, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, დარგის ექსპერტები და მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები, ასევე, ადგილობრივი და საერთაშირისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
წლის შემაჯამებელი კონფერეციის მიმდინარეობისას, ასევე, გაიმართება საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ, ევროპული ქარტიის“ ხელმოწერის ცერემონიალიც, რომელშიც 15-მდე მუნიციპალიტეტი ჩაერთვება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, მიმდინარე ინიციატივის - „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, პროექტს-„გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ახორციელებს და კონფერენციაც, სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო ღონისძიებებზე მსჯელობას დაეთმობა.
კერძოდ: ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და პროექტის -„გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ კოორდინატორი- ნათია ღვინაშვილი, დამსწრე საზოგადოებას, ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას წარუდგენს და ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ, ევროპული ქარტიის პრინციპებს გააცნობს.
ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორი-დავით მელუა კი, კონფერენციის მონაწილეებს, აღნიშნული მიმართულებით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
ონლაინ ღონისძიებაში იმ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან, რომლებმაც 2019 წელს, პირველებმა მოაწერეს ხელი და შეუერთდნენ ევროპულ ქარტიას.
ქუთაისის, რუსთავის, ოზურგეთისა და ლაგოდეხის პირველი პირები, ადგილობრივ დონეზე, გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრებენ და მუნიციპალიტეტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
კონფერენცია, რომელშიც 250 მდე პირი მიიღებს მონაწილეობას, დისკუსიისა და კითხვა-პასუხის ფორმატსაც ითვალისწინებს.