• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ათეამ ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

ათეა-ს აღმასრულებელმა საბჭომ „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის გენდერული თანასწორობის სტრატეგია 2021-2025“ და „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა 2021-2023“ დაამტკიცა.

აღნიშნული დოკუმენტები, რომლებიც ორგანიზაციამ პროექტის „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“, ფარგლებში მოამზადა, როგორც ასოციაციის გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭოს, ისე აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ფორმატში იქნა განხილული.

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის და პროექტის „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ კოორდინატორის - ნათია ღვინაშვილის განცხადებით, ათეა უკვე 16 წელია წარმატებით თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის არაერთ ევროპულ გაერთიანებასთან. შესაბამისად, ორგანიზაციისთვის, ისევე, როგორც მთელი ქვეყნისთვის, ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და მათი შესრულება.

„ასოციაციისთვის, როგორც მუნიციპალიტეტების გამაერთიანებელი ქოლგა ორგანიზაციისთვის, ამ ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავება. ცხადია, სტრატეგია შედარებით ზოგადია, თუმცა მას ახლავს ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი ის მიზნები და ამოცანები, რომლებითაც ათეა მომდევნო წლებში იხელმძღვანელებს.
ორგანიზაცია მიესალმება საქართველოს სახელმწიფოს გაცხადებულ პოლიტიკას გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების სფეროში. ასევე. იმ პროგრესს, რომელიც ბოლო წლებში ადგილობრივ თვითმმართველობებში აღინიშნება, თუმცა მიგვაჩნია, რომ არსებობს აუთვისებელი და გასაუმჯობესებელი სივრცეები და ორგანიზაციის მიზანსაც, სწორედ მათი შევსება და საბოლოო ჯამში გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის საქართველოს საერთაშორისო, ეროვნული და ადგილობრივი ვალდებულებების კიდევ უფრო ეფექტიანი შესრულება წარმოადგენს“,- განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, პირველ რიგში, ათეა-ს სტრუქტურასა და საქმიანობაში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირება სტრატეგიის შესაბამისად განხორციელდება. პარალელურად, გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა გენდერული თანასწორობის საკითხებზე, რისი პრაქტიკული სახელმძღვანელოც, თითქმის უკვე ბოლომდეა შემუშავებული. აღნიშნული დოკუმენტი თვითმმართველობებს ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში დაეხმარება.

„სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში დეტალურადაა გაწერილი ის ღონისძიებები, რომლებიც მუნიციპალიტეტების „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ“ ევროპულ ქარტიასთან მიერთებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) რეკომენდაციითა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის შუამდგომლობით, 4-მა ქართულმა მუნიციპალიტეტმა, ახლო წარსულში მოაწერა ხელი აღნიშნულ დოკუმენტს და დაადასტურა გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვის მზაობა. შესაბამისად, ასოციაციის ჩართულობით, კვლავ დაგეგმილია ქარტიაზე ხელმომწერი მუნიციპალიტეტების რაოდენობის გაზრდა“-განაცხადა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ.

მისივე თქმით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიზანია, უფრო მეტად შეუწყოს ხელი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის გაღრმავებას და გააძლიეროს ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რომლებიც გენდერული თანასწორობის ადგილობრივი პოლიტიკის საკითხებზე მუშაობენ.

აღსანიშნავია, რომ ათეა-ს გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის პერიოდში განხორციელდა.

ასევე, მიმდინარე კამპანიის დასაწყისში შეიქმნა და მასში აქტიურადაა ჩართული, ორგანიზაციის მედია ქსელიც, რომელიც ასოციაციამ პროექტის „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში შექმნა.

აღნიშნული პროექტი, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის მექანიზმების გაძლიერებას, ასევე, აღნიშნულ საკითხებზე ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებასა და ადგილობრივ დონეზე განხორციელებას ისახავს მიზნად.