ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) წარმომადგენლებისთვის ტრენინგები გრძელდება.
სასწავლო კურსი, რომელიც ათეა-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის - „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში იმართება, ამჯერად ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე, „1325 რეზოლუციის - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ თემებს დაეთმო.
ტრენინგი, რომელშიც ათეა-ს აღმასრულებელი და გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად, ასოციაციის აპარატის თანამშრომლები და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე თბილისის მერის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებზე - ნინო ბურძენიძე და დარგის ექსპერტები - გოგა ხატიაშვილი და თამარ ლობჟანიძე იღებდენ მონაწილეობას, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ და აღნიშნული პროექტის კოორდინატორმა - ნათია ღვინაშვილმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელთან- მარიამ ჯობავასთან ერთად გახსნა.
,,წინა სამუშაო შეხვედრებზე, ათეა-ს გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის პრიორიტეტებთან ერთად, მუნიციპალიტეტებში ქალთა გაძლიერების პოლიტიკის განხორციელებაზე ვიმსჯელეთ. ეს თემა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ იმდენად საინტერესოდ მოგვაწოდა, რომ გადავწყვიტეთ, კიდევ უფრო ღრმად შეგვესწავლა და გაგვეანალიზებინა აღნიშნული პოლიტიკის სისტემური მიდგომა, რაც ვფიქრობ, აუცილებლად დაგვეხმარება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი მექანიზმების შემუშავებასა და ადგილობრივ დონეზე არსებული საჭიროებების აღმოფხვრაში“, - განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.
მარიამ ჯობავამ კი, ადგილობრივ და საერთაშორისო ვალდებულებებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ათეა-ს ერთობლივი პროექტი, მუნიციპალიტეტებს აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებაში შეუწყობს ხელს.
ტრენინგის პირველი დღე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ, ასევე სექსუალური შევიწროების სახეებისა და რეაგირების მექანიზმებზე მსჯელობას დაეთმო, რის შემდეგაც შეხვედრის მონაწილეებმა ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილ სერვისებზე, აგრეთვე ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებსა და შესაბამისი უწყებების პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს.
სასწავლო კურსის მეორე დღეს კი, ათეა-ს წარმომადგენლებმა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და აღნიშნული მიმართულებით, 2018-2020 წლების საქართველოს სამოქმედო გეგმაზე, კერძოდ, ადგილობრივი მთავრობების დონეზე კოორდინაციის მნიშვნელობასა და სამთავრობო სამოქმედო გეგმების შემუშავება/განხორციელებაზე იმსჯელეს.
შეხვედრის ბოლო ეტაპი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის სტრატეგიის სამუშაო ვერსიის გაცნობას დაეთმო, რომელიც აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა და ორგანიზაციის აპარატის თანამშრომლებმა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამართულ წინა ტრენინგზე შეიმუშავეს.
თეორიული პრეზენტაციებისა და დისკუსიების გარდა, სესიების უმრავლესობა პრაქტიკული სავარჯიშოებითა და ჯგუფური მუშაობის სპეციფიკით მიმდინარეობდა.
პროექტის - „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაო შეხვედრა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.