საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება.
ათეა, როგორც საქართველოს მუნიციპალიტეტების გამაერთიანებელი ქოლგა ორგანიზაცია, მხარს უჭერს საზოგადოების ყველა სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკის მექანიზმებს და მოუწოდებს წევრ მუნიციპალიტეტებს, შეუერთდნენ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიას და განახორციელონ ისეთი აქტივობები, რომლებიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ გამოწვევებს უპასუხებს.
სწორედ აღნიშნული კამპანიის ხელშეწყობის მიზნით, ათეა-მ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, შეიმუშავა დამხმარე ინსტრუქცია საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის, რომელიც ძალადობის პრევენციის მიმართულებით განსახორციელებელ ღონიძიებებსა და საქართველოში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციულ, ასევე, ფოტო და ვიდეო მასალას მოიცავს.
16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ასევე დამზადდება საინფორმაციო ხასიათის ბეჭდური და ვიდეო მასალა, რომელიც საზოგადოებას მსხვერპლთა მხარდაჭერისა და ძალადობის დაძლევის პრევენციის მიზნით, საქართველოში არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ აუცილებელ ინფორმაციას მიაწოდებს.
ამავე კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით, შეიქმნება მედია ქსელი, რომლის მიზანსაც გენდერული თანასწორობის საბჭოებთან მჭიდრო თანამშრომლობა, გამოწვევების დასაძლევად ერთიანი მესიჯების შემუშავება, ასევე მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული კარგი მაგალითებისა და პრაქტიკის გაზიარება და მედიამხარდაჭერა წარმოადგენს.
სამუშაო ჯგუფი, ათეა-სა და 64-ვე მუნიციპალიტეტის საზოგადაობასა და მედიასთან ერთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის უზრუნველმყოფი და ძალადობის აღმოფხვრის მექანიზმების, ასევე სახელმწიფო სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.
ათეა-ს მედია ქსელი, როგორც ერთგვარი ინსტრუმენტი, პროექტის დასრულების შემდგომაც გააგრძელებს ფუნქციონირებას და ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას წევრ მუნიციპალიტეტებში.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, პროექტის „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ კოორდინატორის - ნათია ღვინაშვილის განცხადებით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა.
„დაიხვეწა კანონმდებლობა, ძალადობის მსხვერპლთათვის შეიქმნა დამატებითი საკანონმდებლო გარანტიები და გაძლიერდა ინსტიტუციური მექანიზმები. ამის მიუხედავად, პრობლემა კვლავ აქტუალურია, რასაც კიდევ უფრო ართულებს პანდემიის შედეგად გამოწვეული გარემოებები“-აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ძალადობის აღმოსაფხვრელად, აუცილებელია ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და გენდერული თანასწორობის ბალანსისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა. აღნიშნული პოლიტიკის განსახორციელებლად კი, ათეა აქტიურად თანამშრომლობს როგორც ცენტრალურ, ასევე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია, რომელიც მთელს მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.
კამპანიის პერიოდში, უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღე (29 ნოემბერი), შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე (1 დეკემბერი), მოხალისეთა საერთაშორისო დღე (5დეკემბერი) და მონრეალში მომხდარი ტრაგედიის ხსოვნის დღე (6 დეკემბერი) აღინიშნება.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის მხარდამჭერი ღონისძიებები ათეა-ს მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.