• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ათეა რეგიონებში ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ ევროპული ქარტიის ადვოკატირების პროცესს განაგრძობს

საქართველოს რეგიონებში ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ ევროპული ქარტიის ადვოკატირების პროცესი გრძელდება.

დასავლეთ საქართველოს შემდეგ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების კუთხით არსებული ეროვნული თუ საერთაშორისო ვალდებულებების უფრო ეფექტიანად განხორციელების მიზნით, აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში მართავს შეხვედრებს.

ღონისძიებები, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მხარდაჭერით, პროექტის - „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში ეწყობა, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და აღნიშნული პროექტის კოორდინატორი - ნათია ღვინაშვილი უძღვება.

პირველი შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტში, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების სრული დაცვით, ღია სივრცეში გაიმართა და მასში მცხეთა-მთიანეთის მხარის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ და გენდურული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად, ორგანიზაციის რეგიონული კოორდინატორები - ლაშა არჩვაძე და თორნიკე ნადირაშვილი იღებდნენ მონაწილეობას.

ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) მიერ, 2006 წლის მაისში შექმნილ დოკუმენტზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ასოციაციის მიერ განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც ნათია ღვინაშვილმა აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმომწერი მუნიციპალიტეტების მიერ გაზიარებულ გამოცდილებაზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ შეხვედრის მიზანს საერთაშორისო ვალდებულებების უფრო ეფექტიანად შესრულებისა და ევროპულ ქარტიასთან ქართული მუნიციპალიტეტების მიერთების ადვოკატირება წარმოადგენდა.

ანალოგიური შეხვედრები, დასავლეთ საქართველოს მსგავსად, აღმოსავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

პროექტი, რომელიც ათეა-ში გენდერული თანასწორობის პლატფორმის გაძლიერებასა და ათეა-ს გენდერული თანასწორობის სტრატეგიის შექმნას, საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების სახელმძღვანელო გაიდლაინების შემუშავებასა და ასევე, „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპულ ქარტიასთან“ მათი მიერთების ადვოკატირებას გულისხმობს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე ინიციატივის ,,კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს.
 

იხილეთ ფოტო გალერეა