საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, ასევე, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციების ქსელის (NALAS) მხარდაჭერით, საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ორდღიანი საკოორდინაციო სემინარი - “გენდერული თანასწორობის დიალოგის გაძლიერება და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში - მიღწევები, გამოწვევები და შესაძლებლობები” მიმდინარეობს.
ფართომასშტაბიან ღონისძიებას, რომელიც სასტუმროში ,,ჰოლიდეი ინნ თბილისი“ იმართება, სემინარის ორგანიზატორებთან ერთად, საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, კერძოდ, უკრაინისა და მოლდოვის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დარგის ექსპერტები ესწრებიან.
საკოორდინაციო სემინარი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ - ნათია ღვინაშვილმა გახსნა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG), ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესისა და ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტმა - თამარ ტალიაშვილმა და PLATFORMA-ს აღმასრულებელმა მრჩეველმა - ბორის ტონჰაუზერმა.
გამომსვლელებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გზებსა და პერსპექტივებზე, ასევე, აღნიშნულ პროცესში ათეა-ს როლზე ისაუბრეს და სემინარის მნიშვნელობასა და მიზნებზე გაამახვილეს ყურადღება.
თამარ ტალიაშვილმა საკუთარ გამოსვლაში საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე აღებულ ვალდებულებებს გაუსვა ხაზი და ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპულ ქარტიაზე გაამახვილა ყურადღება.
ათეა-ს ვიცე პრეზიდენტმა, ასოციაციის მხარდაჭერით, რამდენიმე თვის წინ, ევროპულ ქარტიასთან საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერთებას ისტორიული მოვლენა უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული სემინარი ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რასაც ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორი და თანაბარუფლებიანი მონაწილეობა ჰქვია.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საკოორდინაციო შეხვედრა რამდენიმე სემინარისგან შედგება, რომლებიც გენდერული თანასწორობის ევროპული ქარტიის, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე, ასევე ეროვნული ასოციაციების მიერ განხორციელებული ადვოკატირების სტრატეგიებზე მსჯელობას დაეთმობა.
აღნიშნული სემინარი 19 თებერვალს პანელური დისკუსიების ფორმატში გაგრძელდება, სამუშაო შეხვედრის ბოლოს კი, აღნიშნულ სემინარს ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორი - დავით მელუა და PLATFORMA-ის აღმასრულებელი მრჩეველი - ბორის ტონჰაუზერი შეაჯამებენ.
სემინარი PLATFORMA-ს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში იმართება და მისი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მონიტორინგი გაუწიოს დეცენტრალიზაციისა და ადმინისტრაციული რეფორმების, აგრეთვე პოლიტიკური დიალოგის წარმართვის პროცესს ცენტრალურ ხელისუფლებასა და ევროპულ ინსტიტუტებთან. პროგრამა ასევე ითვალისწინებს მოიძიოს დეცენტრალიზაციის თანამშრომლობისა და დაფინანსების შესაძლებლობები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილებები და მოამზადონ რეკომენდაციები ევროპული ინსტიტუტების საყურადღებოდ, რომლის საბოლოო მიზანსაც ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერა და გაძლიერება წარმოადგენს.
► იხილეთ ფოტო გალერეა