• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

თამარ ტალიაშვილი: ათეა-ს როლი ქალთა გაძლიერების ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით დღითიდღე მატულობს

,,პროექტი, რომელსაც ათეა, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს უფრო ეფექტიანად და მოქნილად განახორციელონ ქალთა უფლებების დაცვისა და თანასწორობის სტრატეგიული მიზნები, ასევე დანერგონ ინოვაციური საბიუჯეტო პროგრამები”,- აღნიშნული განცხადება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა - თამარ ტალიაშვილმა თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიზნით გამართული სასწავლო კურსის მიმდინარეობისას გააკეთა.

მანვე აღნიშნულ პროცესში ორგანიზაციის აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრა და იმ ძირითად პრინციპებს გაუსვა ხაზი, რომლებიც ქალთა და კაცთა თანასწორობის მიმართულებით, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების შესრულებას გულისხმობს.

,,აუცილებელია აღინიშნოს, რომ ათეას ინიციატივით 4 მუნიციპალიტეტი შეუერთდა ევროპულ ქარტიას ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ. დღითიდღე ძლიერდება ათეას როლი ქალთა გაძლიერების ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით. საბოლოოდ ამ ინიციატივების დადებითი შედეგი აისახება კონკრეტულად ცალკეულ სოფელზე, დაბაზე, ასევე ქალაქების ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე“, - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

პროექტის - „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში გამართული ტრენინგი უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს და მასში ათეა-ს აღმასრულებელი და გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ათეა-ს აპარატის თანამშრომლები იღებენ მონაწილეობას.

პროექტი, რომელიც საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტში განხორციელდება, სამ ძირითად კომპონენტს, კერძოდ, ათეა-ში გენდერული თანასწორობის პლატფორმის გაძლიერებასა და ათეა-ს გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დოკუმენტის შექმნას, საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების სახელმძღვანელო გაიდლაინების შემუშავებას, ასევე, „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპულ ქარტიასთან“ მათი მიერთების ადვოკატირებას მოიცავს.

იხილეთ ფოტო გალერეა