• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ათეამ პროექტის - „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში გამართული ტრენინგების სერია დაასრულა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული ახალი პროექტის - „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში გამართული ტრენინგების სერია დაასრულა.

სასწავლო კურსი, რომელშიც ათეას აღმასრულებელი და გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად, ასოციაციის აპარატის თანამშრომლები, ასევე გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის მექანიზმების გაძლიერების მიზნით განხორციელდა.

ტრენინგის მონაწილეებმა კიდევ უფრო დეტალურად განიხილეს გენდერული თანასწორობის ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებები და ტრენერებთან ერთად ორგანიზაციის სტრუქტურასა და საქმიანობაში გენდერულ ასპექტებზე, ასევე ორგანიზაციის გენდერულ პოლიტიკასა და მეინსტრიმინგზე იმსჯელეს.
თეორიული პრეზენტაციებისა და დისკუსიების გარდა, სესიების უმრავლესობა პრაქტიკული სავარჯიშოებითა და ჯგუფური მუშაობის სპეციფიკით მიმდინარეობდა.

ტრენინგის დასასრულს, კი ასოციაციის აღმასრულებელი და გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა და ორგანიზაციის აპარატის თანამშრომლებმა, ათეას გენდერული თანასწორობის სტრატეგიის სამუშაო ვერსია შეიმუშავეს, რომელსაც ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს.

როგორც ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ და აღნიშნული პროექტის კოორდინატორმა - ნათია ღვინაშვილმა სასწავლო კურსის შეფასებისას განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტი პლატფორმის გაძლიერებას, ასევე მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინირებულ მუშაობას და თვითმმართველობის ორგანოებსა და ეროვნულ ხელისუფლებას შორის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

პროექტი „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია“ სამ ძირითად კომპონენტს, კერძოდ, ათეა-ში გენდერული თანასწორობის პლატფორმის გაძლიერებასა და ათეას გენდერული თანასწორობის სტრატეგიის შექმნას, საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების სახელმძღვანელო გაიდლაინების შემუშავებას, ასევე, „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპულ ქარტიასთან“ მათი მიერთების ადვოკატირებას მოიცავს.

აღნიშნული პროექტი, რომელიც საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტს მოიცავს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე ინიციატივის ,,კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტო გალერეა