• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ათეამ პროექტის ფარგლებში, რეგიონებში სამუშაო შეხვედრები დაიწყო

გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების კუთხით არსებული ეროვნული თუ საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მხარდაჭერით, პროექტის - „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში, რეგიონებში სამუშაო შეხვედრები დაიწყო.

პირველ ღონისძიებაში, რომელსაც, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და აღნიშნული პროექტის კოორდინატორი - ნათია ღვინაშვილი უძღვებოდა, იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და აღნიშნული მიმართულების საკითხებზე მომუშავე მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლები, ასევე ორგანიზაციის რეგიონული კოორდინატორები - თორნიკე ნადირაშვილი და ლაშა არჩვაძე იღებდნენ მონაწილეობას.

ქუთაისში გამართული სამუშაო შეხვედრის ძირითადი ნაწილი პროექტის მოკლე მიმოხილვასა და ევროპული ქარტიის პრინციპების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას დაეთმო. კერძოდ, საუბარი შეეხო ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) მიერ, 2006 წლის მაისში შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მუნიციპალიტეტებში გენდერული ბალანსის დამკვიდრებასა და ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის გასაუმჯობესებლად, საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში, ღონისძიებების გატარებას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მონაწილე მუნიციპალიტეტებიდან, აღნიშნულ დოკუმენტს, რამდენიმე თვის წინ ქუთაისის თვითმმართველობა შეუერთდა, მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა - ირაკლი ქარქაშაძემ და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა - ირაკლი შენგელიამ, დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და პრეზენტაციის სახით თანასწორობის სამოქმედო გეგმა და მასში განსაზღვრული პრიორიტეტები წარმოადგინეს.

ნათია ღვინაშვილის განმარტებით, ანალოგიური სამუშაო შეხვედრები მიმდინარე კვირის ბოლომდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებშიც გაიმართება. ახლო მომავალში კი, დაგეგმილია ღონისძიებების აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში ჩატარება.

პროექტი, რომელიც ათეა-ში გენდერული თანასწორობის პლატფორმის გაძლიერებასა და ათეა-ს გენდერული თანასწორობის სტრატეგიის შექმნას, საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების სახელმძღვანელო გაიდლაინების შემუშავებასა და ასევე, „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპულ ქარტიასთან“ მათი მიერთების ადვოკატირებას გულისხმობს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე ინიციატივის ,,კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს.

 

იხილეთ ფოტო გალერეა