საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში აღმასრულებელი საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც გენდერული თანასწორობის პლატფორმის ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს შექმნის თაობაზე იმსჯელეს.
აღნიშნული ინიციატივა საბჭოს წევრებს ათეა-ს ვიცე პრეზიდენტმა - თამარ ტალიაშვილმა წარუდგინა.
,,ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი გენდერული თანასწორობის მიმართულებით, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ხელშეწყობას.
როგორც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა - კახა კალაძემ პირველ ეროვნულ კონფერენციაზე-„გენდერული თანასწორობის გაძლიერება ეროვნულ დონეზე“ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქალების ჩართულობის გაძლიერება უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუტების შენებისა და ნებისმიერი საზოგადოებრივი სფეროს გაუმჯობესებისთვის.
სწორედ ამ მოტივის საფუძველზე ასოციაციის გენდერული თანასწორობის პლატფორმის ფარგლებში შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის გაძლიერებასა და გენდერული მიმართულებით ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე უფრო ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებას შეუწყობს ხელს“ , - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული საბჭოს მიერვე შემუშავდება დებულება და საბჭოს სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად გაიწერება ის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები, რომლებიც კანონის ფარგლებში ეფექტიანად იქნება გამოყენებული.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ასოციაციაში უკვე შექმნილია ქალთა ქსელი, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მომუშავე გენდერული საბჭოს წევრებს საშუალება მიეცემათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და ერთად განიხილონ ის ინიციატივები და გამოწვევები, რომლებიც მათ რეგიონში არსებობს.
ათეა - ს აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა საკუთარი წინადადებები წარმოადგინეს და აღნიშნული ინიციატივა დადებითად შეაფასეს.
დღესვე, შეხვედრის მონაწილეებმა გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაზე იმსჯელეს, რომელსაც თამარ ტალიაშვილის ინიციატივასთან ერთად, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს დასამტკიცებლად.